დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 8, 2013

მალდონადო: ასეთ სეზონს სახლში ყოფნა მირჩევნია

Pastor Maldonado: staying 'at home' preferable to 2013 F1 repeat
8 ოქტომბერი
პასტორ მალდონადო ირწმუნება, რომ ფორმულა 1-ის მომავალი სეზონის გამოტოვება ურჩევნია, თუ ეცოდინება, რომ მასაც ისევე უღიმღამოდ ჩაატარებს, როგორც მიმდინარე სეზონს, რომელშიც მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული. გასულ სეზონში ვენსუელელმა მრბოლმა „უილიამსის“ მანქანით ესპანეთის დიდი პრიზის მოგება შეძლო, თუმცა ბრიტანულმა გუნდმა წელს საშინელი მანქანა მოამზადა, რაც მალდონადოს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს.
კორეაში მას მორიგი გაწბილება ელოდა - მხოლოდ მე-13 ადგილს დასჯერდა და თანაც, მას ფინელმა თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა აჯობა. ნარბოლევს მალდონადო თავის გაწბილებას არ მალავდა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ სეზონში  გაცილებით უკეთეს მანქანას მიღებს. ის ირწმუნება, რომ კონკურენტუნარიანი მანქანით, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
„კარგი მანქანა მჭირდება იმისათვის, რომ რბოლისგან სიამოვნება მივიღო. ახლა საშინელ დღეში ვარ, რის გამოც, დამატებითი მოტივაცია მჭირდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო. მე უფრო მეტი მჭირდება, ვიდრე ახლა მაქვს. მე არ მინდა ფ1-ში ტყუილად ყოფნა. ასეთ სეზონს სახლში ჯდომა მირჩევნია. ჩემი ინტერესი ის კი არაა, რომ ფ1-ის მრბოლი ვარ, არამედ ის, რომ გავიმარჯვო. და ამისათვის მჭირდება გამარჯვების სასშუალება“, - ამბობს მალდონადო და დასძენს:
„იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში გაცილებით უკეთესი მანქანა გვექნება. მე ის მჭირდება. უკვე ყველას ვაჩვენე, რომ როცა კარგი მანქანა მაქვს, გამარჯვებისთვის და ჩემპიონობისთვის ვიბრძვი. ძალიან მთრგუნავს ის ფაქტი, რომ კვალიფიკაციაში მხოლოდ მეორე ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა მიწევს, უფრო მეტი კი მიუწვდომელია. მე აქ ბოტასთან საპაექროდ არ ვარ. ის კარგი მრბოლია, მაგრამ ჩემს სამიზნეში არაა. მე ლიდერებთან ბრძოლა მწყურია. ბარსელონაში (შარშან) შანსი მქონდა და მოვიგე“.
მან ისიც აღნიშნა, რომ თავის მომავალში დარწმუნებული არ არის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვენესუელას პრეზიდნტი უგო ჩავესი გარდაიცვალა.  როგორც ცნობილია, მას ქვეყნის ნავთობკომპანია PDVSA სპონსორობს და „უილიამსში“ სწორედ მისი მილიონების წყალობით მოხვდა. თუმცა, მანამდე ზალპით მოიგო GP2-ის 2010 წლის სეზონი, რომელშიც ექვსი ეტაპის გამარჯვებულიცა გახდა. სწორედ ამ ტრიუმფის შემდეგ შედგა მისი ფ1-ის დებიუტი.
„იმედი მაქვს, რომ სტარტზე ვიქნები, მაგრამ ამ ეტაპზე დანამდვილებით ამის თქმა არ შემიძლია. ეს ალბათ ფინანსურ მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული. შარშან რბოლა მოვიგე, ახლა კი დაკარგული ვარ. ამ სეზონში ჯერაც აქ ვარ, მომავალში რა იქნება, არ ვიცი“.

No comments:

Post a Comment