დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 8, 2013

„ფორდი“ პირველი კონვეიერის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

Ford Celebrates 100th Ann. of Moving Assembly Line with New Plans
8 ოქტომბერი
საავტომობილო სამყაროში პირველ კონვეიერს, რომელიც „ფორდის“ დამაარსებელმა ჰენრი ფორდმა თავისი კომპანიის ჰაილენდ პარკის (მიჩიგანი) ქარხანაში 1913 წლის დეკემბერში აამოქმედა, ასი წელი უსრულდება. და ამ თარიღთან დაკავშირებით, ამერიკული კომპანია იწყებს ახალი გეგმის განხორციელებას, რომლის მიზანიც, მისი ქარხნების საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესება და გლობალური წარმოების გაფართოებაა.
ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ისაა, რომ „ფორდის“ ყველა ქარხანა, მინიმუმ ოთხ სხვადასხვა ავტომობილს უნდა აწარმოებდეს. ამის მთავარი მიზანი ისაა, რომ გაიზარდოს ავტომობილების ადაპტირებადობა, რაც კომპანიას იმის საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებლის მოთხოვნები და ინტერესი მეტად გაითვალისწინოს. გარდა ამისა, მთელს მსოფლიოში არსებული ქარხნების 90 პროცენტი სამ ცვლაში უნდა მუშაობდეს. ამგვარად, შესაძლებელი გახდება ავტომობილების წარმოების 30 პროცენტით გაზრდა. მთავარი კი ისაა, რომ 2017 წელს პლატფორმების რაოდენობა არ უნდა იყოს ცხრაზე მეტი. ამჟამად ცისფერი ოვალი 15 არქიტექტურას იყენებს.
კომპანია აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ექსპანსიის წყალობით, დაახლოებით 130 000 საათობრივი სამუშაო ადგილის შენარჩუნება გახდა შესაძლებელი. იმავდროულად, ცისფერი ოვალის წლიური წარმოების მოცულობა 6 მილიონს უახლოვდება. ეს კი ნიშნავს, რომ მთელს მსოფლიოში, ყოველ წუთში მისი ქარხნები 16 ავტომობილს უშვებენ.
რაც შეეხება „ფორდის“ პირველ კონვეიერს, ამ პროცესმა საავტომობილო ინდუსტრია ძირეულად შეცვალა და მასობრივი გახადა. ჰენრი ფორდის მიერ შემუშავებული გეგმით, მისი ლეგენდარული „მოდელი T-ს“ დაახლოებით 3 000 ნაწილი 84 ჯგუფში განაწილდა. ყოველ ჯგუფს მუშათა „თავისი“, სპეციალიზებული ქვეჯგუფი ემსახურებოდა. აწყობის პროცესში მყოფ შასის კი თოკი ექაჩებოდა და ხაზზე გადაადგილებდა. ამ მოძრაობის პარალელურად, მუშები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ.
ახალი სამუშაო პროცესის წყალობით, ერთი ავტომობილის წარმოების დრო 12 საათიდან 90 წუთამდე შემცირდა. ამის წყალობით, „მოდელი T-ს“ ფასი 850-დან 300 დოლარამდე შემცირდა. ამგვარად, ის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ავტომობილი გახდა და ბევრი ნაკლის მიუხედავად, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. სწორედ კონვეიერული წარმოების წყალობით, ჰენრი ფორდმა „მთელი ამერიკა ბორბლებზე დააყენა“. აბა რა იქნებოდა - 24 წამში ქარხანა თითო „მოდელ T-ს“ უშვებდა. 1927 წლამდე კომპანიამ 15 მილიონი „მოდელი T“ გამოუშვა. იმავე პერიოდში, მთელს მსოფლიოში ამაზე მხოლოდ ორჯერ მეტი ავტომობილი გაიყიდა...

No comments:

Post a Comment