დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 8, 2013

„ლამბორგინი ეგოისტა“ - ახალი ფოტოები

Lamborghini Egoista - new pictures
8 სექტემბერი
ამ ავტომობილმა გაზაფხულზე ყველა გააოცა. „ლამბორგინიმ“ ის თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიუძღვნა. კომპანიამ გამოაცხადა, რომ ეს საკუთარი თავისადმი მიძღვნილი საჩუქარია. თუმცა მას სამუზეუმო ექსპონატად არ დატოვებს. „ეგოისტა“ იმითაცაა საინტერესო, რომ ის „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის დიზაინს შეფის, ვალტერ დე სილვას ხელმძღვანელობით შეიქმნა.

ავტომობილს სახელად „ეგოისტა“ იმ მარტივი მიზეზის გამო დაარქვეს, რომ ის ერთადგილიანია. როგორც დე სილვამ თქვა, სტილზე მუშაობისას, შთაგონების წყაროდ მოიერიშე ვერტმფრენ „აპაჩის“ ფორმები გამოიყენა. ავტომობილი ძირითადად ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული და ამიტომ, ძალიან მსუბუქი გამოვიდა (ზუსტი წონა არ გამოქვეყნებულა). სამაგიეროდ ითქვა, რომ ავტომობილის ძარის ზედაპირი რადარის სხივებისადმი მედეგი საღებავითაა დამზადებული. „ეგოისტა“ 5.2-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 740 ცხენის ძალას იძლევა.



დე სილვას გარდა, „ეგოისტას“ შექმნაზე ასევე ალესანდრო დამბროზიო და შტეფან ზილაფი მუშაობდნენ. პირველი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ექსტერიერის დიზაინის შეფია, მეორე კი - ინტერიერისა. დამბროზიო ამბობს, რომ გვერდიდან ავტომობილი ერთგვარად თავდახრილი საბრძოლოდ გამზადებული ხარის სტილშია შესრულებული, რომელსაც თავი დახრილი აქვს (წინა ბორბლების სილუეტი) და მტერს რქებზე წამოგებას უპირებს. რაც შეეხება უკანა ნაწილს, ამ შემთხვევაში პრიორიტეტად აეროდინამიკა მიიჩნიეს. „ლამბორგინი“ ამ ავტომობილს ოთხადგილიან UFO-საც (ამოუცნობ მფრინავ ობიექტს) კი უწოდებს.



კოკპიტზე საუბრისას, რომელსაც საბრძოლო თვითმფრინავის სტილის გამჭვირვალე სანთელი ფარავს, დე სილვა ამბობს, რომ ის მთლიანად ალუმინის და კარბონის კომპოზიტის ნაწარმია და უსაფრთხოების უჯრედს წარმოადგენს, რომელიც პილოტს დაზიანებისგან დაიცავს. „როცა „ეგოისტაზე“ ვმუშაობდით, მომავლის დიზაინის შექმნა გადავწყვიტეთ და ჩავთვალეთ, რომ საუკეთესო ვარიანტი სამხედრო თვითმფრინავის კოკპიტის ანალოგის შექმნა იქნებოდა, რომელსაც ავტომობილის სტრუქტურაში გავაერთიანებდით“, - ყვება დე სილვა.



ახლახანს „ეგოისტა“ შლოს ბენსბერგში ჩატარებულ ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინეს. იმის გამო, რომ ეს ადგილი ფრანკფურტიდან ახლოსაა, ბევრმა ჩათვალა, რომ „ეგოისტას“ მალე სწორედ ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენდნენ. თუმცა „ლამბოს“ ეს არ დაუდასტურებია. სამაგიეროდ, მოსალოდნელია, რომ იტალიური კომპანია გამოფენაზე „გალარდოს“ შემცვლელს, სახელად „კაბრერას“ წარადგენს.


დაბოლოს შეგახსენებთ, რომ „ლამბო“ მხოლოდ სამ ცალ „ეგოისტას“ დაამზადებს, რომელთა ფასიც 3 მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციით, სანტ’აგატა ბოლონეზელებს სამივე ავტომობილზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვთ.

No comments:

Post a Comment