დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 27, 2013

„ინფინიტი Q30“ - „ეთერეას“ კონცეპტუალური შთამომავალი

Infiniti Releases First Photo of Q30 Compact Hatchback Concept
27 აგვისტო
მალე კომპაქტური ჰეჩბეკების პრემიუმ სეგმენტში ახალი მოთამაშე - „ინფინიტი Q30“ გამოჩნდება, რომლის წინასერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. ავტომობილი, რომელიც იაპონური კომპანიის დიზაინის ახალი დირექტორის, ალფონსო ალბაისას ხელმძღვანელობით შეიქმნა, თავისი გარეგნობით ჰეჩბეკიცაა და იმავდროულად, ქროსოვერსაც ჰგავს და კუპესაც. სხვათა შორის, ადრე კომპანიის შეფი ენდი პალმერი ამბობდა, რომ Q30 არ იქნება ტიპიური ჰეჩბეკი და ის „აუდის“ A3-სა და Q3-ს შორის შუალედურ ნიშას შექმნის.
„ინფინიტი Q30“ იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელზეც „მერსედეს-ბენცის“ უახლესი A-კლასი. ეს „დაიმლერსა“ და „რენო-ნისანს“ შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი ნაყოფია, რომელიც ძრავების გაზიარებითაც გაგრძელდება. ახალი ავტომობილის შესახებ ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მისი სრულყოფის პროცესში მონაწილეობას თვით ფ1-ის სამგზის ჩემპიონი, სებასტიან ფეტელი ღებულობს.
აღსანიშნავია, რომ მისთვის ახალი სეგმენტის ავტომობილის გარდა, „ინფინიტი“ Q30-ის სახით, საკუთარი კორპორატიული სტილის განვითარების ეტაპსაც გვიჩვენებს. ამასთან, ეს ავტომობილი, იაპონური პრემიუმ ბრენდის ახალ სეგმენტებში შეღწევის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რისი საბოლოო მიზანიც, სრულმასშტაბიან პრემიუმ ბრენდად ჩამოყალიბებაა, რომელიც გერმანულ კომპანიებთან კონკურენციას შეძლებს.
Q30 ახალგაზრდა მყიდველის გემოვნებაზეა გათვლილი, რომლებსაც ტრადიციული კომპაქტური პრემიუმ ავტომობილების ალტერნატივა სჭირდებათ. ამ ავტომობილის წარმოებას „ინფინიტი“ 2015 წელს დაიწყებს. Q30-მა კონკურენცია „მერსედეს-ბენცის“ A-კლასს, „აუდის“ A3-ს, „ბეემვეს“ 1-ლ სერიას, „ლექსუს CT 200h-ს“ და „ვოლვო V40-ს“ უნდა გაუწიოს. ავტომობილს „ნისანის“ სანდერლენდის (ბრიტანეთი) ქარხანა გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment