დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 27, 2013

ალონსოს ფეტელის უიღბლობის იმედი აქვს

Alonso hopes bad luck strikes Vettel
27 აგვისტო
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ მისი საჩემპიონო იმედების ასასრულებლად, სებასტიან ფეტელის ავარიაა საჭირო, დაახლოებით ისეთი, როგორიც მას გასულ სეზონში, ბელგიაში შეემთხვა. ბელგიური ეტაპის შემდეგ აშკარაა, რომ ფეტელს მეოთხე ტიტული პრაქტიკულად განაღდებული აქვს და მას მხოლოდ აშკარა უიღბლობა თუ დააკარგვინებს.
მაგალითად, „გაძეტა დელო სპორტი“ წერს: „ფეტელს მსოფლიო ჩემპიონობა ჩანთაში აქვს და ამას ვერაფერი შეცვლის“. იგივე მოსაზრება აქვს „კორიერე დელო სპორტს“: „ფეტელი ისევ მიუწვდომელია. თავის „რედ ბულთან“ ერთად, ის დაუმარცხებელია. მათ მცირე შეცდომაც კი არ მოსდით. თუ ასე გააგრძელა, მიხაელ შუმახერის რეკორდებსაც დაამხობს“.
ისიც აღსანიშნავია, რომ სპაზე „ფერარის“ მანქანას გაუმჯობესება დაეტყო. მაგრამ ალონსო ამბობს, რომ იღბლის დახმარების გარეშე, ფეტელის დამარცხება შეუძლებელი იქნება. და ბრაზილიურ გამოცემა „ტოტალრეისთან“ საუბრისას, პარალელებს გასულ სეზონთან ავლებს: „შარშანდელი მონცას შემდეგ, ფეტელზე 41 ქულით მეტი მქონდა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ აქ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. მაგრამ რომ დავეწიო საჭიროა, რომ ზედიზედ სამი-ოთხი რბოლა მოვიგო, მას კი რომელიმე რბოლის სტარტზე ვინმე დაეჯახოს“.
ალონსო ისეთ ინციდენტს გულისხმობს, როგორიც მას გასული სეზონის ბელგიური რბოლის დასაწყისში შეემთხვა, როცა მას და კიდევ რამდენიმე მანქანას, რომენ გროჟანი დაეჯახა.
„ეს მე შემემთხვა და მსგავსი ინციდენტები მომავალშიც მოხდება“, - ამბობს ალონსო, ვინც ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ეტაპით ადრე, ფეტელს 46 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე იმყოფება. ფეტელის კონკურენტებად ასევე რჩებიან ლუის ჰამილტონი და კიმი რაიკონენი, რომლებსაც კლასიფიკაციაში შესაბამისად მესამე ადგილი უკავიათ.
ფ1-ის ყოფილი პილოტი, შვეიცარიელი მარკ ზურერი ამბობს, რომ ფინელი პილოტის შანსები პრაქტიკულად ამოწურულია, რადგან „ლოტუსს“ მანქანის დასახვეწად ფინანსები არ ჰყოფნის. ასე კი ფეტელის და „რედ ბულის“ დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება „მერსედესს“, ფ1-ის კიდევ ერთი ყოფილი პილოტი, ფრანგი პატრიკ ტამბე ამბობს, რომ სპაზე სამქიმიანებმა პირწმინდად წააგეს, რაც მათს შანსებს ძლიერ ამცირებს.
დაბოლოს კითხვაზე, მაინც ვის შეუძლია ფეტელის დამარცხება, „მერსედესის“ შეფი როს ბრაუნი პირდაპირ ამბობს, საკუთარ თავს თვითონვე თუ დაამარცხებსო...

No comments:

Post a Comment