Honda Reveals NSX Concept-GT Racer
16 აგვისტო
„ჰონდას“ ჯერ შემდეგი
თაობის კუპე NSX-ის წარმოება არ დაუწყია. სამაგიეროდ, მისი სარბოლი
ვერსია უკვე შეიმუშავა და მას იაპონურ სარბოლო სერია „სუპერ GT500-ში“ საასპარეზოდ
გამოუშვებს. ეს ავტომობილი იმ კონცეპტუალური „NSX-ის ბაზაზე შეიქმნა,
რომელიც იაპონურმა კომპანიამ დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა.
სარბოლი ავტომობილი
ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, თუმცა „ჰონდას“ ამ აგრეგატის შემადგენლობა ჯერ არ
დაუკონკრეტებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჰიბრიდული სისტემის ძირითადი ნაწილია ბენზინის
ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის
კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. სავარაუდოდ, ჰიბრიდული აგრეგატის ჯამური სიმძლავრე
500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება (რეგლამენტით, ეს დასაშვები ზღვარია).
აღსანიშნავია, რომ იაპონიის
საავტომობილო ფედერაციის მიერ შემუშავებული ახალი რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც
შეიქმნა სარბოლო NSX (მისი სრული სახელია NSX კონცეპტ-GT), მომავალი სეზონიდან იწყებს
მოქმედებას. ეს ავტომობილი კი ტრასაზე ოფიციალურად სერიის მეხუთე ეტაპზე (რომელსაც
სუზკას ტრეკი უმასპინძლებს) გამოვა. თუმცა, ეს მისი უკონკურსოდ, სატესტო მონაწილეობა
იქნება.
რაც შეეხება სერიულ NSX-ს,
სავარაუდოდ ის ბაზარზე 2015 წელს გამოვა.
No comments:
Post a Comment