Stefano Domenicali orders Ferrari investigation
into fading F1 form
2 აგვისტო
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი გუნდისგან იმ
მიზეზების დადგენას და დეტალურ ანალიზს მოთხოვს, რომლებმაც შუა სეზონისთვის სერიოზული
ჩავარდნა გამოიწვია. ამის შედეგი კი ის იყო, რომ უნგრეთის დიდი პრიზზე მანქანამ
საერთოდ დაკარგა სიჩქარე და ამის გამო, ფერნანდო ალონსოს ლიდერებთან პაექრობის
საშუალება არ მიეცა.
როგორც წესი, მანქანა კვალიფიკაციაში ვერაა ისეთი
სწრაფი, როგორც რბოლაში, რის გამოც, გუნდში სჯეროდათ, რომ კვალიფიკაციაში შედეგების
გაუმჯობესებით, რბოლაში უკეთესი ადგილების დაკავების შანსი გაჩნდებოდა. მაგრამ
ჰუნგარორინგზე გუნდს რბოლაშიც გაუჭირდა, რაც ამ სეზონში ფაქტობრივად პირველად
მოხდა. შედეგად, ალონსო მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ამ ჩავარდნის ერთ მიზეზად შეიძლება იმ ფაქტის
დასახელება, რომ „პირელიმ“ უნგრეთში სრულიად ახალი საბურავები ჩაიტანა, რაც „ფერარის“
ბოლიდისთვის შეუფერებელი გამოდგა. თუმცა დომენიკალის ასეთი ვარაუდი არ
აკმაყოფილებს და გუნდის ტექნიკურ პერსონალისგან მოითხოვს, რომ სასწრაფოდ დადგინდეს
მიზეზები და შემდგომ რბოლაში, რომელიც აგვისტოს ბოლო უქმეებზე ბელგიაში ჩატარდება,
მსგავსი არაფერი მოხდეს.
„აშკარაა, რომ ლიდერებს ჩამოვრჩით. რბოლაში ის
უპირატესობა აღარ გვაქვს, რომელიც სეზონის დასაწყისში გვქონდა. ადრე რბოლებში
მანქანა აშკარად ძალიან სწრაფი იყო. აქ კი დავინახეთ, რომ იმდენად სწრაფები ვეღარ
ვართ, როგორც ვისურვებდით. და ასე მოხდა როგორც რბილ, ასევე საშუალო სირბილის
რეზინზე. საჭიროა, დროზე გავერკვეთ საქმეში. მართლა ახალი რეზინის ბრალია ეს
ჩავარდნა, თუ არა. და ისიც უნდა ვიცოდეთ, რა სახის რეაგირებაა საჭირო. ეს ის
საბურავებია, რომლებითაც სეზონის ბოლომდე მოგვიწევს ასპარეზობა და ასეთი ჩავარდნებით
მიზანს ვერ მივაღწევთ“, - ამბობს დომენიკალი და აღნიშნავს, რომ „მერსედესმა“
მოაგვარა ის პრობლემები, რომლებიც რბოლისას ექმნებოდა მანქანას. არადა,
კვალიფიკაციაში ყველაზე სწრაფი იყო.
„ფერარის“ შუა სეზონში კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა
- ბრიტანული და გერმანული ეტაპებისთვის მომზადებულმა სიახლეებმა სასურველი შედეგი
ვერ გამოიღო. ეს კი ნიშნავს, რომ მანქანის სრულყოფის და განვითარების პროცესი
შეფერხდა. ამის გამო, უნგრეთში მანქანებიდან ახალი დეტალები მოხსნეს და მათ
ნაცვლად ძველები დააყენეს. ამის გამო, მარანელოელებმა ტრასაზე პრაქტიკულად ისეთივე
მანქანა გამოიყვანეს, როგორითაც ესპანეთში იასპარეზეს. დომენიკალი თვლის, რომ საჭიროა
აეროდინამიკური მილის უფრო ეფექტურად გამოყენება.
დომენიკალი
ოპტიმიზმს ინარჩუნებს და დასძენს, რომ მისი გუნდი ბელგიისთვის ემზადება და
სავარაუდოდ, პრობლემების მოგვარება მოხერხდება. „უარყოფით ზეწოლას არ ვგრძნობთ და
გუნდში სამუშაო ატმოსფეროა, რაც უკეთესის იმედს მიტოვებს“, - ამბობს შეფი.
No comments:
Post a Comment