დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 5, 2013

„ინოტეხ ასპირონი“ - ჩეხური სატრეკო ავტომობილი

Innotech Aspiron is a Corvette-Powered Race Car
5 ივლისი
ახლახანს გუდვუდის (ბრიტანეთი) სიჩქარის ფესტივალის მექსიკელი მონაწილე, სატრეკო ავტომობილი, სახელად „VUHL 05“ გაგაცანით, მაგრამ ის პოპულარული საავტომობილო რანდევუს ერთადერთი ეგზოტიკური ექსპონატი და მონაწილე არ იქნება. ამ კლასში მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგება ჩეხური ავტომობილი, სახელად „ინოტეხ ასპირონი“.

„ინოტეხი“ იმითაა ცნობილი, რომ „შევროლე კორვეტის“ საკუთარი ვერსია - „ინოტეხ შევროლე C6“ აქვს შექმნილი. და ამჯერადაც, თავისი ორიგინალური ორადგილიანი, ფორმულას ტიპის ავტომობილისთვის, უახლესი „კორვეტ სტინგრეის“ ძრავი გამოიყენა. „ინოტეხის“ წინა ავტომობილებისგან განსხვავებით, „ასპირონი“ სატრეკო ბოლიდია, ოღონდ ორადგილიანი.
„ასპირონი“ აგებულია სივრცულ ჩარჩოზე აწყობილ შასიზე, რომელიც ისეა დაპროექტებული, რომ „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების, სხვადასხვა გაბარიტების V8 ძრავები მოირგოს. მათგან ყველაზე მძლავრია 6.2-ლიტრიანი LS9, რომელიც „ინოტეხის“ ინჟინრების მიერ ჩატარებული მოდერნიზაციის შემდეგ, 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უფრო მეტიც, ჩეხური კომპანია ირწმუნება, რომ ამ ძრავის სიმძლავრის 1000 ცხენამდე გაზრდა შეუძლია. თუმცა, „ასპირონის“ საბაზო ვერსიაზე, ამ ძრავის სიმძლავრე „მხოლოდ“ 500 ცხენის ძალაა.
საერთოდ, „ინოტეხი“ მყიდველს „ასპირონის“ რამდენიმე ვერსიას შესთავაზებს, რომლებიც ძირითადად ძრავის სიმძლავრით იქნება განსხვავებული. ვერსია სულ ექვსია, რომელთა სიმძლავრეები 500, 700, 750, 800, 900 და 1000 ცხენის ძალაა. ბოლო ვერსია მხოლოდ ეთანოლ 85 (მისი შემცველობაა 15 პროცენტი ბენზინი და დანარჩენი - სპირტი) საწვავზე იმუშავებს. ბოლო ორ ვერსიაზე ფასები არ გამოქვეყნებულა. საბაზო ღირებულება 114 000 ევროა, 800 ცხენისძალიანი ვერსიისა - 157 000. ერთის გარდა, ყველა ვერსია 6.2-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, 700 ცხენისძალიანი კი - 7.0-ლიტრიანით. ყველა ვარიანტში ძრავს „რიკარდოს“ წარმოების 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი შეუწყვილდება, ავტომობილი ასევე „ფორდის“ წარმოების გაზრდილი ხახუნის დიფერენციალითაა აღჭურვილი.
კოკპიტში ორივე ადგილი კარბონისგანაა დამზადებული და მათ ფიქსირებული პოზიცია უკავია. სამაგიეროდ, პედლებია რეგულირებადი, რაც პილოტის პოზიციის სხვადასხვა სიმაღლის ადამიანზე მორგების საშუალებას იძლევა. მძღოლს და მგზავრს თითო მასიური რკალი იცავს, რომლებიც მათ უკანაა აღმართული. მაჩვენებლების დაფის მოვალეობას სენსორული მონიტორი ასრულებს, რომელზეც სხვადასხვა ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი.
ჩეხური კომპანია აცხადებს, რომ „ასპირონს“ ის ავტომოყვარულები შეიძენენ, რომელთა ფარეხში უკვე დგას მინიმუმ ერთი „პორშე“, ან „ფერარი“, მაგრამ ეს ავტომობილებიც კი ვერ აკმაყოფილებენ მათს მოთხოვნილებას ექსტრემალურ მართვაზე, მათ ფ1-თან მიახლოებული შეგრძნებები ხიბლავს. ასეთი სეგმენტი უკვე საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ბაზარზე მოთხოვნილება მაინც არსებობს. შეგახსენებთ, რომ ამ სეგმენტს ისეთი ავტომობილები წარმოადგენს, როგორებიცაა „კაპარო T1“ და „ჰალმ F1“.

No comments:

Post a Comment