დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 27, 2013

უკან დაბრუნებული იღბალი და კანაანის პირველი ინდი 500

Indianapolis 500: Tony Kanaan finally earns Indy victory
27 მაისი
ბრაზილიელ ტონი კანაანს ძალიან გაუმართლა, როდესაც ლეგენდარული ინდი 500-ის რბოლის დასრულებამდე ორი წრით ადრე, როცა ლიდერი იყო, მაგრამ გამარჯვებას ძალიან ძნელი 8 კილომეტრი აშორებდა, უკან კი გამარჯვებაზე მასავით დამშეული მრბოლები მოჰყვებოდნენ. რამდენჯერმე დაახლოებით ასეთ სიტუაციაში გაუშვია ხელიდან გამარჯვება, მაგრამ ამჯერად ფორტუნამ მას გაუღიმა.
ფინიშამდე სამი წრით ადრე, რესტარტზე კანაანმა რაიან ჰანტერ-რეის გაასწრო. დარჩენილ მოკლე მანძილზე, გამოცდილი მარკო ანდრეტისგან და ახალბედა კოლუმბიელი კარლოს მუნიოსისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ჰანტერ-რეიც არ აპირებდა ხელის ჩაქნევას. მაგრამ კანაანს საქმე ინდი 500-ის სამგზის (მათ შორის, შარშანდელმა) გამარჯვებულმა, შოტლანდიელმა დარიო ფრანკიტიმ, უფრო სწორედ, მისმა ავარიამ გაუადვილა. ტრასაზე მაშინვე პეისკარი გამოვიდა, რომელმაც მიაცილა კიდეც პელოტონი ფინიშამდე, კანაანი კი თავის კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებამდე.

ინდი 500-ის 97-ე რბოლის დროს, ლიდერი 68-ჯერ შეიცვალა, რაც რბოლის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. და ეს ამ რბოლის ერთადერთი რეკორდი არ ყოფილა - გამარჯვებულის საშუალო სიჩქარემ (პიტსტოპებისა და პეისკარის გამოსვლების გათვალისწინებით) 187.433 მილი/საათში (301.644 კმ/სთ) შეადგინა. წინა რეკორდი (185.981 მლ/სთ, ანუ 299.307 კმ/სთ) 1990 წელს ჰოლანდიელ არი ლაიენდაიკს ჰქონდა დამყარებული. აღსანიშნავია, რომ ფინიშამდე 7 წრით ადრე, ლიდერის საშუალო სიჩქარე, ლაიენდაიკის რეკორდულზე 7 მლ/სთ-ით მეტი იყო. თუმცა, შემდგ ორი ავარია მოხდა და პელოტონი შემცირებული სიჩქარით, უსაფრთხოების „შევროლე კორვეტ სტინგრეიმ“ ატარა.

ლიდერის 68 ცვლილება ორჯერ მეტია წინა რეკორდზე, რომელიც შარშანდელი რბოლისას დამყარდა. სულ პელოტონს სათავეში 14 მრბოლი ედგა და ესეც რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი 12 ლიდერი იყო და ის 1993 წელს დაფიქსირდა. პეისკარი ტრასაზე სულ ოთხჯერ გამოვიდა. ამასთან, ბოლო ორი გამოსვლა რბოლის ბოლო 6 წრეზე მოხდა. კანაანი სულ 34 წრის განმავლობაში იყო ლიდერი. მასზე სამით მეტი წრე ამერიკელი ედ კარპენტერი ლიდერობდა.


გამარჯვების ტოლფასი იყო ახალბედა მუნიოსის მეორე ადგილი. კოლუმბიელმა ორი დღით ადრე, იმავე ტრეკზე ინდი ლაითსის რბოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა, დიდ რბოლაში კი მუდმივად მოწინავეთა შორის იყო და გამარჯვებამდეც 0.1159 წამი დააკლდა. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ ამ სეზონში მისი მთავარი მიზანი, ინდი ლაითსის ტიტული იქნება.

დაბოლოს, კანაანის იღბლის შესახებ: ბრაზილიელმა ინდი 500 მხოლოდ მე-12 ცდაზე მოიგო. ინდიქარის სერიის ჩემპიონი, რამდენჯერმე ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ იღბალი ყოველთვის სხვას უმართლებდა. მაგრამ ამჯერად, კანაანისთვის ბევრი რამ სტარტამდე ოთხი დღით ადრე შეიცვალა. და ამაში მას ის გოგონა დაეხმარა, რომელსაც ცხრა წლის წინ, თავისი იღბალი „დაუთმო“. მაშინ კომაში მყოფ გოგონას, ინდიანაპოლისის ჰოსპიტალში თავის ტვინის ოპერაციას უკეთებდნენ. სიმბოლურია, მაგრამ მრბოლის „იღბალმა“ სიცოცხლე შეუნარჩუნა. ამჯერად კი სრულად გამოჯანმრთელებულმა „პაციენტმა“ იღბლის შარმი დაუბრუნა. და სასწაულიც მეორედ მოხდა...


„აი შენი იღბლის შარმი, გიბრუნებ უკან, აიღე და მოიგე ინდიანაპოლისის 500“, - უთქვამს გოგონას. კანაანმაც მოიგო. და ერთ-ერთმა პირველმა, მას ალექს ძანარდიმ მიულოცა, მისმა იტალიელმა მეგობარმა, კარტ-ის სერიის ორგზის ჩემპიონმა, ვისაც ერთხელაც არ მიეცა ინდი 500-ზე ასპარეზობის საშუალება და მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის წინ მომხდარ ავარიაში ორივე ფეხი დაკარგა, ჯერაც არ კარგავს ლეგენდარულ რბოლაში მონაწილეობის იმედს.


ძანარდის კანაანისთვის ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ერთ-ერთი (ორიდან) ოქროს მედალი მიუტანია და უთქვამს, შენს მანქანას გაუხახუნე და იღბალს მოგიტანსო. როგორც კანაანის გუნდ „KV რეისინგ ტექნოლოჯიზის“ შეფი ჯიმი ვასერი (ძანარდის ყოფილი თანაგუნდელი, კარტ-ის სერიის ჩემპიონი) ამბობს, მედალი ბოქსში ერთი საათით გააჩერეს და იღბლის ნაწილი ტონის მანაც მოუტანა.


აღსანიშნავია, რომ ინდი 500-ის წინა 11 რბოლის დროს, კანაანი ჯამში 221 წრის განმავლობაში ლიდერობდა. 2004 წელს მეორე ადგილს დასჯერდა, 2003 და 2012 წლებში კი მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ინდიზე პირველ გამარჯვებამდე, პელოტონის სათავეში ადრე ამდენი წრე არავის უვლია. და გამარჯვებამდე არც ამდენი წარუმატებელი ცდა ჰქონია ადრე ვინმეს.
ფინიშის აგურის ერთიარდიან ზოლთან, რომელთანაც ყველა გამარჯვებული იღებს ხოლმე ფოტოებს, კანაანთან ინდიანაპოლისელი გაზეთების გამყიდველი (მისი ფანი) მივიდა და ადგილობრივი გაზეთი მიუტანა, რომლის პირველ გვერდზეც გამარჯვების მოზეიმე კანაანის დიდი ფოტოა გამოსახული, წარწერით: როგორც იქნა, ეს შეძლო!..

97-ე ინდი 500
დისტანცია 200 წრე (500 მილი, 800 კილომეტრი)
1. ტონი კანაანი (ბრაზილია, KV/შევროლე)                               2:40:03.4181
2. კარლოს მუნიოსი (კოლუმბია, ანდრეტი/შევროლე)            + 0.1159
3. რაიან ჰანტერ-რეი (აშშ, ანდრეტი/შევროლე)                        + 0.2480
4. მარკო ანდრეტი (აშშ, ანდრეტი/შევროლე)                            + 0.3634
5. ჯასტინ უილსონი (ბრიტანეთი, კოინ/ჰონდა)                      + 0.8138
6. ჰელიო კაშტრუნევიში (ბრაზილია, პენსკე/შევროლე)        + 3.0086
7. ეიჯეი ალმენდნგერი (აშშ, პენსკე/შევროლე)                        + 4.0107
8. სიმონ პაჟენო (საფრანგეთი, შმიდტ/ჰონდა)                         + 4.2609
9. ჩარლი კიმბალი (ბრიტანეთი, განასი/ჰონდა)                       + 5.6864
10. ედ კარპენტერი (აშშ, კარპენტერ/შევროლე)                        + 6.8425
11. ორიოლ სერვია (ესპანეთი, პანტერ DRR/შევროლე)          + 7.8633
12. რაიან ბრისკო (ავსტრალია, განასი/ჰონდა)                         + 8.9216
13. ტაკუმა სატო (იაპონია, ფოიტ/ჰონდა)                                  + 10.2602
14. სკოტ დქსონი (ახ.ზელანდა, განასი/ჰონდა)                        + 11.3858
15. ანა ბეატრისი (ბრაზილია, კოინ/ჰონდა)                               + 12.2657
16. ტრისტან ვაუტიე (საფრანგეთი, შმიდტ/ჰონდა)                + 15.3045
17. სიმონა დ სილვესტრო (შვეიცარია, KV/შევროლე)             + 15.7201
18. ეიჯეი ვისო (ვენესუელა, ანდრეტი/შევროლე)                   + 17.8056
19. ვილ პაუერი (ავსტრალია, პენსკე/შევროლე)                       + 22.5403
20. ჯეიმს ჯეიკსი (ბრიტანეთი, რეიჰოლ/ჰონდა)                     + 1 წრე
21. ჯეიმს ჰინჩკლიფი (კანადა, ანდრეტი/შევროლე)               + 1 წრე
22. კონორ დეილი (აშშ, ფოიტ/ჰონდა)                                        + 2 წრე
23. დარიო ფრანკიტი (ბრიტანეთი, განასი/ჰონდა)                  + 3 წრე*
24. ალექს ტალიანი (კანადა, ჰერტა/ჰონდა)                              + 4 წრე
25. გრემ რეიჰოლი (აშშ, რეიჰოლ/ჰონდა)                                   + 7 წრე*
26. კატერინ ლეგი (ბრიტანეთი, შმიდტ/ჰონდა)                       + 7 წრე
27. ტაუნსენდ ბელი (აშშ, პანტერ/შევროლე)                             + 8 წრე
28. ჯოზეფ ნიუგარდენი (აშშ, ფიშერ/ჰონდა)                            + 9 წრე

* ფინიშს ვერ მიაღწიეს

გამოეთიშნენ
სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, დრაგონ/შევროლე)             178 წრე
პიპე მენი (ბრიტანეთი, კოინ/ჰონდა)                                         46 წრე
ბადი ლაზიე (აშშ, ლაზიე/შევროლე)                                          44 წრე
სებასტიან საავედრა (კოლუმბია, დრაგონ/შევროლე)             34 წრე
ჯეიარ ჰილდებრანდი (აშშ, პანტერ/შევროლე)                        3 წრე

No comments:

Post a Comment