დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 18, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ კონცეპტუალური კომპაქტური ქროსოვერი GLA გაგვაცნო

Mercedes-Benz Officially Reveals New GLA Compact Crossover Study
18 აპრილი
შანჰაის საავტომობილო გამოფენა ავტო ჩაინაზე, „მერსედეს-ბენცის“ პავილიონის ვარსკვლავი, კომპაქტური კონცეპტუალური ქროსოვერი GLA იქნება, რომელსაც მალე სერიული სახითაც ვიხილავთ. თავისი სიახლე სამქიმიანებმა გამოფენის დაწყებამდე, ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით და მცირე ინფორმაციით გაგვაცნეს.

კონცეპტუალური GLA ჰეჩბეკ A-კლასის პლატფორმაზეა ბაზირებული და მისგანვე ბევრ მაკომპლექტებელს და აგრეგატებს გაიზიარებს. სამქიმიანთა ახალი, უგზოობის კომპაქტური ავტომობილი კონკურენციას „ბეემვეს“ X1-ს და „აუდის“ Q3-ს გაუწევს. „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ უკვე დაადასტურა, რომ ამ ავტომობილის სერიულ ვერსიას ფრანკფურტის მოტორ შოუზე ვიხილავთ, რის შემდეგაც მისი გაყიდვებიც დაიწყება.

„კონცეპტუალური GLA, უგზოობის კომპაქტური სეგმენტისადმი ახალი მიდგომის გამოხატულებაა. ეს არის ამ კატეგორიის ავტომობილის სპორტული და უფრო კუპეს სტილის ევოლუციური ვერსია. GLA-ში კომბინირებულია სპორტული სულისკვეთება და უგზოობის ავტომობილის შესაძლებლობები. „გაექეცი ყოველდღიურობას“, - ეს არის დევიზი, რომელიც ამ ავტომობილისა და მისი მძღოლის დამოკიდებულებას გამოხატავს“, - ამბობს „მერსედეს ქარზის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი იოახიმ შმიდტი.


ქროსოვერი MFA არქიტექტურას ეყრდნობა, რომელსაც ასევე A-კლასის ჰეჩბეკისა და კომპაქტურ პრემიუმ სედან CLA-სთვის იყენებენ. კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4.38 მეტრი, სიგანე 1.97 მეტრი, სიმაღლე 1.57 მეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2.69 მეტრი.





გარდა იმისა, რომ GLA და A-კლასი ერთ პლატფორმაზეა აგებული, ისინი გარეგნობითაც ერთი ჯიშისანი არიან. რა თქმა უნდა, კონცეპტუალურ ქროსოვერს უფრო აგრესიული სტილი გამოარჩევს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სტეროიდებზე მყოფი A-კლასია. იგივე ითქმის ინტერიერზეც. რა თქმა უნდა, აქ თვალში საცემია გაფორმების ის სტილი, როგორიც კონცეპტებს ახასიათებს ხოლმე. მაგრამ სიახლეც შესამჩნევია - ეს არის მაჩვენებლების დაფა.




კონცეპტუალურ ავტომობილს სხვა ისეთი ტექნოლოგიური სიახლეებიც გამოარჩევს, რომლებიც სერიულ ავტომობილზე არ გადავა, თუმცა ყურადღებას მაინც იმსახურებს. ასეთია ლაზერული ჭავლის მქონე პროჟექტორები, რომლებიც წინა ფარებშია ჩამონტაჟებული. ასეთი პროჟექტორების დანიშნულება არამხოლოდ გზის ხარისხიანად განათებაა, არამედ მას სურათების და ფილმების პროექცირებაც კი შეუძლია.



დაბოლოს, ძრავებზე. ამ ეტაპზე, ის ერთია - 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 208 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან ტანდემში მუშაობს 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი 7G-DCT, რომელიც ძრავთან ორდისკოიანი ქუროთია დაკავშირებული. სისტემა 4MATIC-ის დახმარებით, მამოძრავებელ ძალას ოთხივე წამყვანი ბორბალი ღებულობს. რა თქმა უნდა, სერიული წარმოების დაწყებისას, ავტომობილის მყიდველს უფრო მეტ ძრავს შესთავაზებენ, რომელთა შორისაც აუცილებლად იქნება დიზელები.

No comments:

Post a Comment