დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 28, 2013

ფეტელმა „რედ ბულს“ მოუბოდიშა

Red Bull team orders row: Vettel apologises to team staff
28 მარტი
სებასტიან ფეტელმა „რედ ბულს“ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში იმის გამო, რომ მალაიზიის რბოლისას, გუნდის მითითებებს არ დაემორჩილა და ამით, მისი ინტერესები უგულვებელჰყო. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი წითელი ხარების მილტონ კეინსის ბაზაზე მივიდა იმისათვის, რომ ჩინური ეტაპისთვის მოემზადოს. „რედ ბულის“ შეფ ქრისტიან ჰორნერის თქმით, რომ ფეტელი გუნდის პერსონალს შეჰპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
„მან თქვა, რომ დროის უკან დაბრუნება არ შეუძლია, თუმცა აცნობიერებს, რომ არასწორად მოიქცა. მან გუნდს და მის თითოეულ წევრს ბოდიში მოუხადა, რადგან აცნობიერებს, რომ გუნდის ინტერესები მნიშვნელოვანი ასპექტია, რომლის გათვალისწინება აუცილებელია იმისათვის, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეძლოს“, - ყვება ჰორნერი.

ფეტელმა მარკ ვებერს დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე, საჯაროდ მოუხადა ბოდიში იმისათვის, რომ რბოლის მიწურულს, არ დაემორჩილა გუნდის მითითებას, შეენარჩუნებინთ პოზიციები და მას გაასწრო. თანგუნდელის ასეთმა საქციელმა ვებერი ძლიერ აღაშფოთა. მან მანქანაშივე დაუწყო გერმანელს ხელის ქნევა და ფინშის გადაკვეთის შემდეგ, გაბრაზებულმა მანქანა მისკენ უხეშად მიმართა, რითაც თავისი განწყობა გამოხატა.
დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ სეზონის ბოლოს, ვებერი „რედ ბულს“ დატოვებს, მაგრამ ჰორნერი იმედოვნებს, რომ ავსტრალიელი გუნდს გაუგებს და არაფერს მოიმოქმედებს მისი ინტერესების საზიანოდ: „გუნდის გადაწყვეტილება იყო, რომ რბოლა მარკს უნდა მოეგო. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ბოროტი განზრახვა არავის ჰქონია. გუნდს მსგავსი სიტუაციის წარმოქმნა არაფრით აწყობდა. მის ხელთაა მანქანა, რომლითაც რბოლების მოგება შეუძლია და იმედია, ჩემპიონობისთვისაც იბრძლებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მარკი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება“.
ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო, ვინც ფეტელის აშკარა მხარდაჭერით გამოირჩევა. მისი თქმით, ფეტელმა და ვებერმა უკვე ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და ამის შემდეგ, ეს თემა აღარ უნდა იყოს აქტუალური. „სებასტიანმა მარკს პრესკონფერენციაზე მოუხადა ბოდიში და ეს პირველი კორექტული ნაბიჯი იყო, რომელიც მას უნდა გადაედგა. ამას მოჰყვა მცირე დისკუსია, რის შემდეგაც, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მოკლედ, ჩვენთვის საკითხი ამოწურულია“.

No comments:

Post a Comment