დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 28, 2013

მეორე თაობის „კია სოულის“ პრემიერა ნიუ იორკში

It’s Got Track'ster Soul: Kia Unveils Second Generation of its Compact “Urban Utility Vehicle”
28 მარტი
თავის პოპულარულ მოდელ „სოულის“ მსოფლიო პრემიერისთვის, „კიამ“ ნიუ იორკი აირჩია და არა ჟენევა. არადა თითქოს, ეს პატარა ავტომობილი უფრო სწორედ ძველი კონტინენტის ბაზარს შეეფერება და ამერიკელებისთვის ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ კორეულმა კომპანიამ სწორედ დიდ ვაშლზე გააკეთა არჩევანი.
კორეულმა კომპანიამ პირველად „სოული“ 2009 წელს გამოუშვა და წესით, ამ ეტაპზე ავტომობილს, რომელიც ისედაც პოპულარულია, მხოლოდ განახლება „ეკუთვნოდა“. მაგრამ „კიამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა. მართალია, საქალაქო მინი ქროსოვერს დამახასიათებელი სილუეტი შეუნარჩუნდა, მაგრამ სტილი მაინც გადახალისდა. მთავარი კი ისაა, რომ ავტომობილი ახალ პლატფორმაზე დგას, რომელიც წინა პლატფორმაზე 28.7 პროცენტით მტკიცეა.


ახალი „სოულის“ დიზაინი, „კიას“ კალიფორნიულ სტუდიაში შეიმუშავეს, სადაც შთაგონების წყაროდ კონცეპტუალური ტრეკ’სტერის ფორმები გამოიყენეს. ცნობისათვის, ეს კონცეპტი, რომელიც კომპანიის კორეელი და ამერიკელი სპეციალისტების მიერაა შემუშავებული, „კიამ“ ჩიკაგოს შარშანდელ გამოფენაზე წარადგინა.
პირველი თაობის „სოულთან“ შედარებით, ახლის ბორბლებს შორის ბაზა 20.3 მილიმეტრით, 2570 მილიმეტრამდე გაიზარდა. უცვლელი დარჩა სიმაღლე - 1610 მილიმეტრი. სამაგიეროდ, ავტომობილი 15.24 მილიმეტრით, 1800 მილიმეტრამდე გაგანიერდა.


ახალი ავტომობილის შასის კონსტრუქციის 66 პროცენტი მტკიცე ფოლადისგანაა დამზადებული. ამის წყალობით, შემცირდა წონა და გაიზარდა გრეხვაზე წინააღმდეგობა. იგივე დარჩა საკიდარის აგებულება - წინ მაკფერსონის სვეტებია გამოყენებული, უკან კი ტორსიონული ღერძები. შეცვლილია მხოლოდ მახასიათებლები. გარდა ამისა, უკან წაინაცვლა საჭის მექანიზმმა. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ მართვა გაუმჯობესებულიყო.
გარეგნობაში შენარჩუნებულია სალონის შემინულობა და ვერტიკალური უკანა ფარები. რადატორის მოყვანილობაც პრაქტიკულად უცვლელია - ტრაპეციის ფორმა აქვს, მაგრამ გაფორმებაში ახალი ელემენტები გამოჩნდა. შეცვლილია წინა ფარები და ბამპერის ფორმა. შეცვლილია უკანა ფარების ფორმაც და ისინი უკანა საყრდნთან უფრო ორგანულადაა შერწყმული.


„ახალი „სოულის“ შემუშავება ძალიან რთული საქმე იყო. ახლანდელი „სოულის“ მეტად წარმატებულ გარეგნობასა და „ტრეკ’სტერის“ გაბედულ პროპორციებს შორის სწორი ბალანსი უნდა შეგვენარჩუნებინა. ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა გაგვიწია ფრანკფურტის ოფისმა და კონკრეტულად პეტერ შრაიერმა, ასევე ჩვენმა სეულელმა კოლეგებმა. საბოლოოდ, ჩვენ „სოულს“ ის ხასიათი შევუნარჩუნეთ, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა“, - ამბობს „კიას“ კალიფორნიული სტუდიის მთავარი დიზაინერი ტომ კერნსი.
სალონში მომრგვალებული მოტივი დომინირებს. ხელსაწყო-მაჩვენებლების ცენტრალური პანელი სამ სეგმენტადაა დაყოფილი, მათ შუაში კი რვადუიმიანი სენსორული მონიტორი მდებარეობს, რომელსაც მრავალი ფუნქცია აკისრია. მონიტორის გარშემო, მართვის ღილაკებია განლაგებული.
დაბოლოს ძრავები. საბაზო „სოული“ აღჭურვილია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა (GDI - გაზოლაინ დაირექტ ინჯექშნ) ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 130 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 160 ნიუტონმეტრი. მეორე ძრავია 2.0-ლიტრიანი NU, რომელიც 164 ცხენის ძალას და 205 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური (მყიდველის სურვილის შესაბამისად) კოლოფები უწყვილდება.

No comments:

Post a Comment