დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 13, 2013

გაიცანით ახალი „კორვეტ C7 სტინგრეი“

All-New Corvette Stingray Fully Unveiled, Was it Worth the Wait?
13 იანვარი
არის ეს ის, რასაც „შევროლე კორვეტის“ ფანები ამდენ ხანს ელოდნენ? სუპერ ავტომობილისთვის ზედმეტად თავშეკავებული, სწორხაზოვანი ფორმებით და მასკლ ქარებისკენ გადახრილი გარეგნობით? ასეთი კონსერვატიზმი ალბათ უფრო „კადილაკს“ შეეფერება და ხომ არ აჯობებს, სწორედ პრემიუმ ბრენდით გამოვიდეს ავტომობილი, რომელიც მეშვიდე თაობის „კორვეტის“ სახით წარსდგა დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე? დრო გვაჩვენებს, როგორ მიიღებს „კორვეტ C7 სტინგრეის“ ამერიკული (და არამხოლოდ ამერიკული) საზოგადოება.
ასეა თუ ისე, დეტროიტის შოუზე სწორედ ახალი „კორვეტია“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი. სხვა თუ არაფერი, ახლა „შევროლეს“ გლობალიზაცია მიმდინარეობს და ამ პროცესში, „ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე გაყიდვად ბრენდს ისეთი „ჰალო ქარი“ სჭირდება, რომელიც არამხოლოდ ამერიკელი, არამედ მთელი მსოფლიოს მყიდველთა გემოვნებას და მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.
ახალი „კორვეტის“ პრემიერა იმითაცაა საყურადღებო, რომ ის ამ ავტომობილის მე-60 წლის იუბილეს დაემთხვა. ამასთან, ეს სულ მესამე (მეორე და მესამე თაობის კორვეტების შემდეგ) „კორვეტია“, რომელსაც სახელში მეტსახელი „სტინგრეი“ (თევზის სახეობა სკაროსი) დაემატა.
ინტერიერი კონსერვატიულ სტილშია შესრულებული. საყოველთაო აღიარებით, წინა „კორვეტის“ სალონი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამიტომ, ახლის დიზაინერებს შედარებით იოლი დავალება ჰქონდათ - მათი პროდუქტი, უსახურ წინამორბედზე უკეთესი უნდა ყოფილიყო. და მათ ეს გამოუვიდათ კიდეც. ექსტერიერის მსგავსად, შესაძლოა ვერც ინტერიერის ესთეტიკაა ისეთი, რომ მნახველს პირი დააღებინოს, მაგრამ კონსერვატიული სტილის წყალობით, ზოგადი სურათი დამაკმაყოფილებელია. აშკარაა, რომ ავტორებმა უარი თქვეს სპარტანულ ინტერიერზე და კომფორტის დამფასებლებისთვისაც გაიღეს ხარკი.
საერთო ჯამში, სალონში ყველაფერი პილოტზეა ორიენტირებული. მაჩვენებლების დაფა გადატვირთული არაა, რაც ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული მონიტორის დამსახურებაა, რომელზეც თითქმის ყველანაირი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. ამასთან, მონიტორი გართობის და სანავიგაციო სისტემადაც გამოიყენება.
„შევროლე“ ამაყად აცხადებს, რომ სალონში გამოყენებული მასალების ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აქ ბევრი დეტალი კარბონის კომპოზიტისგან და ალუმინისგანაა დამზადებული, მსხვილი ნაწილები კი მაღალი ხარისხის ტყავში შეფუთეს. მყიდველს ორი ტიპის სავარძლებს შესთავაზებენ, რომლებიც მაგნიუმისგან დამზადებულ მსუბუქ სივრცულ ჩარჩოებზეა აწყობილი.
მსუბუქი მასალები შასისა და ძარის წარმოებაშიც ინტენსიურად გამოიყენეს. კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული სახურავი და ბორბლის თაღები, კარები და ძარის უკანა ნაწილები. ძარის ძირი კარბონ-ნანო კომპოზიტისგან დამზადდა, მზიდი სივრცული ჩარჩო კი ალუმინისაა. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ავტომობილის წონის მონაცემები. სამაგიეროდ, „შევროლე“ გვარწმუნებს, რომ წინა და უკანა ღერძებს შორის, წონა 50/50 პროპორციითაა განაწილებული.
რა თქმა უნდა, საინტერესოა ავტომობილის ძრავის მახასიათებლები. ის აღჭურვილია 6.2-ლიტრიანი LT1 V8 აგრეგატით, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა, საწვავის განაწილების აქტიური სისტემა, შეშვება-გამოშვების მუდმივად ცვალებადი სისტემა და ანთების უახლესი სისტემა ემსახურება.
ძრავი 450 ცხენის ძალას და 610 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამგვარად, მისი წყალობით, ეს იქნება „კორვეტის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი საბაზო მოდელი. ამასთან, ის ყველაზე ეკონომიურიცაა - მისით აღჭურვილი „კორვეტის“ ხარჯი, მე-6 თაობის „კორვეტისაზე“ (რომლის ხარჯიც 9.0 ლ/100 კმ-ია) მნიშვნელოვნად ნაკლებია. გარდა ამისა, „შევროლეს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, „კორვეტ სტინგრეის“ 4 წამზე ნაკლები ჰყოფნის.
რაც შეეხება ტრანსმისიას, ძრავს უწყვილდება ან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი, ან 7-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, რომელსაც ბრუნთა რიცხვების აქტიური შესაბამისობის მოწყობილობა აქვს და მისი წყალობით, საფეხურების უფრო სწრაფ და ეფექტურ შეცვლას უზრუნველყოფს.
ოპციის სახით, „შევროლე“ მყიდველს სატრეკო პაკეტ Z51-ს შესთავაზებს, რომელშიც შემდეგი სისტემები შედის: ელექტრონულად მართვადი, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი, შეზეთვის მშრალძირიანი სისტემა (ეგრეთ წოდებული მშრალი კარტერი), ინტეგრალური მუხრუჭები, დიფერენციალის და ტრანსმისიის გაგრილება, ასევე განსხვავებული აეროდინამიკური პაკეტი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის უკეთეს მდგრადობას უზრუნველყოფს.
რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, „შევროლე“ მყიდველს „კორვეტ სტინგრეის“ არაერთ ვერსიას შესთავაზებს. მეშვიდე თაობის „კორვეტის“ გაყიდვები შემოდგომაზე დაიწყება.

No comments:

Post a Comment