დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 14, 2013

„კოროლა ფურია“ – „ტოიოტას“ ახალი კომპაქტ სედანის კონცეპცია

Corolla Furia Concept Hints at Toyota’s New U.S-Bound Compact Sedan
14 იანვარი

„კოროლა ფურია“ არის კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც „ტოიოტას“ განცხადებით, სედან „კოროლას“ მომავალ სტილს გვიჩვენებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იაპონურ კომპანიაში სერიოზულად მოკიდეს ხელი თავიანთი ავტომობილების გარეგნობას, იმ კომპონენტს, რომელიც წლების განმავლობაში, მათი პროდუქციის სუსტი მხარე იყო.


„კონცეპტუალური „კოროლა ფურია“ არის ადრეული მინიშნება იმისა, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი კომპაქტური ავტომობილების სტილი. ამ სტილში შეზავებულია დრამატული დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ელემენტები, რომელიც თავისი ფორმებით ბევრ ადამიანს გააოცებს“, - ამბობს „ტოიოტას“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი ბილ ფეი.

ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ავტომობილს გადატვირთული წინა ნაწილი აქვს. რა თქმა უნდა, კონცეპციის დონეზე ეს მისაღებია, რადგან აქედან ის დარჩება, რაც ავტომობილს მეტ ელეგანტურობას მიანიჭებს. ყველაზე გამორჩეული ფორმა, რომელიც ალბათ ოდნავ შეცვლილი სახით გადაინაცვლებს სერიულ ვერსიაზე, არის ფარების და მათ შორის არსებული რკალისებრი ზოლის კვანძი. შორიდან ის შეიძლება „რენოს“ ახალი სტილის ანალოგიურ ელემენტსაც მიამსგავსოთ. უცნაური ფორმა აქვს წინა ბამპერს. უფრო სწორედ, მის ნარჩენს - ის რადიატორის ზედა ნაწილშიღა შემორჩა. ყოველ შემთხვევაში, შავი ფერით, ბამპერის სწორედ ეს ნაწილია გამოკვეთილი.


შეგიძიათ დაგვეთანხმოთ, ან არა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ბამპერისა და რადიატორის ერთობლიობა, რაღაცით ანკესზე წამოგებული თევზის გაღებულ პირს ჰგავს. თქვენ წარმოიდგინეთ, კიდეებში მუხრუჭების პატარა ჰაერის ამღებები რომაა, ისინი იმავე თევზის (შევიწროებულ) ლაყუჩებს ჰგავს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმდენად ელეგანტურადაა გაკეთებული, რომ წესით, თევზზე არ უნდა იფიქროთ...

 უკანაც საკმაოდ რთულ, შეიძლება ითქვას, ზედმეტად გადატვირთულ ფორმებს წააწყდებით. აშკარაა, რომ ყველაზე კარგ იდეებს სერიული ავტომობილისთვის დაიტოვებენ, ცუდს კი სრულყოფის პროცესი „გაიწოვს“. უკან ტიპიურ ბამპერს ვერც იპოვნით. ასეთად შეიძლება შავი დიფუზორის ზემოთ არსებული დეტალი ჩავთვალოთ, რომელიც ერთგვარ, ფართო ჩაღრმავებულ ნიშას ქმნის, ამ ნიშაში კი გაცილებით პატარა სანომრე დაფა თავსდება. რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს უკანა დიფუზორი, რომელიც სპორტული ავტომობილებისთვისაა შესაფერისი და საქალაქო „კოროლაზე“ არაფერი ესაქმება. იგივე ითქმის უკანა სპოილერზეც.
კონცეპტუალური „კოროლა ფურიას“ გაბარიტებია: სიგრძე 4 620 მილიმეტრი, სიგანე 1 805 მილიმეტრი, სიმაღლე 1 425  მილიმერი და ბორბლებს შორის ბაზა 2 700 მილიმეტრი. ასეთი გრძელი ბაზის წყალობით, სალონი ფართო იქნება და რა თქმა უნდა, კომფორტულიც. თუმცა, „ტოიოტას“ დეტროიტში წარმოდგენილი კონცეპტის სალონი არ უჩვენებია.

No comments:

Post a Comment