დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 4, 2015

„სუზუკი მაითი დეკ“ - პატარა და ძალუმი

Suzuki's Mighty Deck Concept Still Looks Mighty Strange
4 ნოემბერი
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც „სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა, არის პატარა „მაითი დეკ“, რომელიც სერიული „იგნისისგან“ განსხვავებით, კონცეპტუალური მოდელია. მისი თავისებურება ისაა, რომ სალონში მხოლოდ ორი ნორმალური ზომის სავარძელი, უკან კი ღია საბარგული აქვს, რითაც 1980-იანი წლების „მაითი ბოის“ ჰგავს. ეს ავტომობილი მცირე კომერციული ავტომობილი იყო და იაპონიაში პოპულარობით გამოირჩეოდა.
შორეული წინამორბედისგან განსხვავებით, „მაითი დეკი“ იმით განსხვავდება, რომ ის უფრო საქალაქო ქროსოვერის გარეგნობა აქვს. „მაითი ბოი“ ჩვეულებრივი საქალაქო მინი ავტომობილის ნახევრად სატვირთო ვერსია იყო. თავისი საბარგო სეგმენტის გამო, ამ პატარას პიკაპიც შეიძლება ვუწოდოთ. მისი მეშვეობით, საშუალო ზომის ბარგის გადატანაა შესაძლებელი.
პატარა კონცეპტის გაბარიტებია: სიგრძე 3 395 მილიმეტრი, სიგანე 1 475 მილიმეტრი, სიმაღლე 1 540 მილიმეტრი. ამგვარად, ის უფრო პატარაა, ვიდრე ისედაც მცირეგაბარიტიანი „ოპელ კარლი“, „რენო ტვინგო“, „ფიატ 500“ და „შკოდა სიტიგო“. უფრო მეტიც, ჯუჯა „სმარტ ფორთუც“ კი მასზე განიერი და მაღალია. გაბარიტებით „მაითი დეკი“ მხოლოდ „სიტროენ C-ზეროს“ „ჩაგრავს“, თუმცა ფრანგული ჯუჯა მაინც მასზე ოდნავ გრძელია. თუმცა „ძალუმი“ იაპონელი ჩამოთვლილ ავტომობილებს ერთი რამით აშკარად სჯობს - მათზე გაცილებით მეტი ბარგის გადატანა შეუძლია.
„სუზუკის“ ტოკიოს შოუზე არაფერი უთქვამს „მაითი დეკის“ ძრავზე და ტრანსმისიაზე. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, პატარას მამოძრავებელ ძალას სამცილინდრიანი 660 კუბურსანტიმეტრიანი ტურბო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 65 ცხენის ძალა უნდა იყოს.
კონცეპტუალური ავტომობილის სტილის მთავარი თავისებურება, მისი უცნაური ფორმის ფარები და ორიგინალური სილუეტია, რომელსაც დიზაინერული ჩანაფიქრის გარდა, მცირე გაბარიტებიც განაპირობებს. თუნდაც მხოლოდ ასეთი ფორმების გამო, ამ კონცეპტის სტილს სერიულ წარმოებაში ვერ ვიხილავთ. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მისი ზოგიერთი ელემენტი მომავალში სერიულ ავტომობილებზე დაინერგოს კიდეც.

No comments:

Post a Comment