დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 19, 2015

კონცეპტუალური „სუბარუ იმპრეზას“ პრემიერა ლოს ანჯელესში

2016 Subaru Impreza concept revealed at LA motor show
19 ნოემბერი
„სუბარუმ“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, მომავალი თაობის სედან „იმპრეზას“ კონცეპტუალური ვერსია წარადგინა. სულ რამდენიმე კვირით ადრე, იაპონურმა კომპანიამ ეს ავტომობილი, ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით ტოკიოს მოტორ შოუზე გვიჩვენა. ამ ავტომობილის წარმოებას „სუბარუ“ მომავალ წელს შტატ ინდიანას ქარხანაში დაიწყებს.
ახალი „იმპრეზა“ არის „სუბარუს“ უახლესი თაობის ავტომობილებს შორის პირველი, რომელიც ბაზარზე გამოვა. და ეს ავტომობილი, კომპანიის მიერ შარშან გამოქვეყნებული გეგმის მთავარი პერსონაჟია. ეს გეგმა „სუბარუს“ გაყიდვების ზრდას ითვალისწინებს და სწორედ „იმპრეზაა“ ის ავტომობილი, რომელმაც მისი შესრულება მეტწილად უნდა უზრუნველყოს.
ახალი „იმპრეზა“ აგებულია სრულიად ახალ, სტანდარტიზებულ პლატფორმაზე, რომელზეც ამ მოდელის გარდა, კომპანიის ყველა დანარჩენი მოდელი აიგება „აუტბეკის“ ჩათვლით. ლოს ანჯელესში „სუბარუს“ ამ პლატფორმის შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს, თუმცა ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის სიმტკიცით და სიმსუბუქით გამოირჩევა.
ახალი „იმპრეზას“ პროტოტიპი, კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი, უკვე გადის საგზაო ტესტებს. მართალია, ავტომობილი შენიღბულია, მაგრამ მაინც შეინიშნება, რომ მას კონცეპტუალური ვერსიისგან განსხვავებული ფარები აქვს. საერთო პროპორციები და სტილი კი შენარჩუნდება.
ახალი „იმპრეზა“ იაპონური კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც „დაინემიკ იქს სოლიდის“ სახელითაა ცნობილი. ამავე სტილში კომპანიის სხვა მოდელებიც შესრულდება. „სუბარუს“ დიზაინის შეფ მამორუ იშიის თქმით, ახალი კონცეპტი შექმნილია სრულიად ახალი თემის შესაბამისად, რომელიც ძალიან მყარი და იმავდროულად, დენადი მასალისგან ნაკეთობის დამზადებას ითვალისწინებს. და ეს თემა, „სუბარუს“ ინჟინერიის სიმბოლოს წარმოადგენს.
კონცეპტუალურ „იმპრეზას“ თითქმის ისეთივე გაბარიტები აქვს, როგორიც ახლანდელ სერიულ მოდელს. მისი სიგრძე 4555 მილიმეტრია, სიგანე 1880 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1453 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2670 მილიმეტრია. ამგვარად, ის ახლანდელ „იმპრეზაზე“ მოკლე, განიერი და დაბალია. ამასთან, მისი ბაზა უფრო გრძელია.

„სუბარუს“ თავისი კონცეპტის აგრეგატების შესახებ ინფორმაცია კვლავ არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, ის ახალი თაობის ძრავებით აღიჭურვება, რომლებიც ცილინდრების დეაქტივაციის ტექნოლოგიით იქნება ეკიპირებული. ახლანდელ „იმპრეზას“ 1.6-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავი ამოძრავებს, რომელიც 112 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან წყვილში კი 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი მუშაობს.

No comments:

Post a Comment