დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 10, 2015

არაბული სუპერ ავტომობილი 900 ცხენით

New Fenyr Supersport Revealed At Dubai, Delivers Over 900hp & 248mph
10 ნოემბერი
არაბულმა კომპანია „W მოტორსმა“, დუბაიში გახსნილ საავტომობილო შოუზე, თავისი ახალი სუპერ ავტომობილის, „ფენირ სუპერსპორტი“ წარადგინა. ეს მისი მეორე სუპერ ავტომობილია და კომპანიის გამაში, ის ადგილს „ლაიკან ჰაიპერსპორტზე“ ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს. თუმცა, მასზე უკეთესი დინამიკური მახასიათებლები ექნება.
„ფენირ სუპერსპორტი“ აღჭურვილია წყვილ ტურბოკომპრესორიანი 4.0-ლიტრიანი ძრავით, რომელიც „პორშეს“ წარმოებისაა და სატუნინგო კომპანია RUF-ის მიერაა მოდიფიცირებული. ძრავი 900 ცხენის ძალას და 1200 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძალის უკანა წამყვან ბორბლებზე გადაცემაში კი მას 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი ეხმარება, რომელსაც ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობა აკავშირებს.
ასეთი კოლოსალური ძალის დახმარებით, „ფენირ სუპერსპორტს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.7 წამზე ნაკლებში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ-ს სჭარბობს. შედარებისთვის, „ლაიკან ჰაიპერსპორტს“ 770 ცხენი ემსახურება და მას სტანდარტული აჩქარებისთვის 2.8 წამი ჰყოფნის.
ახალი ჰიპერ ავტომობილი აგებულია ალუმინისგან დამზადებულ მსუბუქ სტრუქტურაზე, ძარა კი კარბონის კომპოზიტისაა. რაც შეეხება გარეგნობას, მას შეიძლება „სტელსის“ სტილი ვუწოდოთ, რადგან მისი ფორმები ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მსგავსად, კუთხოვანია. „W მოტორსი“ მხოლოდ 25 ცალი „ფენირ სუპერსპორტის“ გამოშვებას გეგმავს. ცნობისათვის, „ლაიკან ჰაიპერსპორტი“ მხოლოდ 7 ცალი დამზადდა.
ზემოთ ნახსენები RUF-ის გარდა, თავისი ახალი სუპერ ავტომობილის შემუშავებისას, „W მოტორსს“ პარტნიორობას ასევე ავსტრიული „მაგნა შტეირი“ უწევდა. არაბულ კომპანიას ამ ავტომობილის ფასი არ გამოუცხადებია. მაგრამ დიდი ალბათობით, ის „ლაიკან ჰაიპერსპორტზე“ იაფი ეღირება, რადგან მის ფარებში არ არის გამოყენებული ბრილიანტები. სწორედ ძვირფასი ქვების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ „ლაიკან ჰაიპერსპორტის“ ფასი 3.4 მილიონი დოლარია.

No comments:

Post a Comment