დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 30, 2015

ლეგენდარული „ბუგატი ტაიპ 57C ატალანტე“ აუქციონზე გაიყიდება

1938 Bugatti Type 57C Atalante Up For Auction
30 ოქტომბერი
„ბუგატის“ ყველა ავტომობილი ლეგენდარულია, მაგრამ მათ შორისაც არის გამორჩეული მოდელები. ერთ-ერთი ასეთია „ტაიპ 57C ატალანტე“, რომელზეც მალე „RM სოთბისის“ აუქციონზე, დაინტერესებულ კოლექციონერთა ნამდვილი ნადირობა გაიმართება. ბევრი მათგანი მასში მილიონებს დაუფიქრებლად გადაიხდის, მაგრამ ერთადერთს გაუმართლებს, იმას, ვინც მასში სხვაზე მეტ „მწვანეს“ გაიმეტებს.
ამ ავტომობილის პრემიერა, ნიუ იორკის 1939 წლის მსოფლიო ბაზრობაზე გაიმართა. ის არამხოლოდ თავისი ელეგანტური სტილითაა გამორჩეული, არამედ თავისი დროისთვის გამორჩეული ტექნიკური მახასიათებლებითაც. ის აღჭურვილია DOHC (ორი გამანაწილებელი ლილვით) რვაცილინდრიანი ძრავით, რომელსაც ცილინდრები ერთ რიგში აქვს განლაგებული. აგრეგატი 160 ცხენის ძალას იძლევა, რაც იმ დროისთვის შესანიშნავი მაჩვენებელი იყო. ამ აგრეგატის წყალობით, ავტომობილი, რბოლებში კონკურენტუნარიანობას ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
„ბუგატიმ“ მხოლოდ 32 ცალი „ტაიპ 57C ატალანტე“ დაამზადა. ამათგან მხოლოდ 12-ს ჰქონდა ალუმინისგან დამზადებული ძარა. აუქციონზე გამოტანილი ავტომობილი სწორედ ალუმინისძარიანი სერიის ბოლო ეგზემპლარია. მისი შასის ნომერია 57766. ეს უკვე საკმარისი საბაბია კოლექცინერთა დაინტერესებისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაშია და თან, პრაქტიკულად ყველა ნაწილი ორიგნალური აქვს.
აუქციონზე გამოტანილ ავტომობილს არაერთი მფლობელი ჰყავდა. მათ შორის, ფილადლფიური „ალგარ ფერარის“ დამაარსებელი ალ გართუეიტი. შემდეგ ის მაგნატ ჯონ უოშინგტონ სტრაუსს შეუძენია, რომელიც ამ იშვიათ ავტომობილს ხშირად მართავდა. მაგრამ შემდეგ თავის გარაჟში მიუჩინა ადგილი და „ტაიპ 57C ატალანტეც“ თვალსაწიერიდან გაქრა. 2007 წელს ავტომობილს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, იმავე წელს პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, თავის კლასში მეორე ადგილი დაიკავა.
„ტაიპ 57C ატალანტე“ 2013 წელს 8.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. „RM სოთბისის“ შემფასებლები ვარაუდობენ, რომ შასი ნომრით 57766, 10.0 მილინ დოლარზე ძვირად უნდა გაიყიდოს. ეს აუქციონი ნიუ იორკში, 10 დეკემბერს არის დანიშნული. იქვე არაერთი მრავალმილიონიანი ავტომობილია გამოტანილი. მაგალითად, 1955 წლის „ფერარი 500 მონდიალი“, რომლის ძარაც ატელიე „სკალიეტის“ მიერაა დამზადებული, „ასტონ მარტინ DB4 ძაგატო“, როგორიც მხოლოდ 19 ცალია დამზადებული, ასევე 1981 წელს გამოშვებული „ლამბორგინი კოუნტაჩ LP400 S სერიზ III“.

No comments:

Post a Comment