დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 5, 2015

450 „ლენდ როვერი“ რაგბის მსოფლიო თასის სამსახურში

Land Rover supplies support vehicles for Rugby World Cup 2015
5 სექტემბერი
„ლენდ როვერმა“ რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორების მომსახურებისთვის, 450 ავტომობილი გამოჰყო. აქედან 80 პროცენტი, უახლესი „დისქავერი სპორტი“ იქნება, დანარჩენი კი - სტანდარტული „დისქავერი“, „რეინჯ როვერ სპორტი“ და „რეინჯ როვერი“. ყველა ავტომობილი სპეციალურად იქნება გაფორმებული.
ამ ავტომობილებით მოხდება გუნდების, ოფიციალური პირების, ორგანიზატორების და VIP სტუმრების ტრანსპორტირება. სულ გათამაშება 13 სტადიონზე ჩატარდება და გარდა ამისა, ტურნირის მსვლელობისას, 20 გუნდს 41 ბაზას შორის მოუწევს გადაადგილება. წინასწარი დაანგარიშებით, ტურნირის 44 დღის განმავლობაში, ავტომობილებს ჯამში 650 000 კილომეტრის გავლა მოუწევთ. ეს კი ის მანძილია, რომელიც ეკვატორულ ნაწილში ჩვენი პლანეტის გარშემო, 26 წრეს მოგატარებთ.
ფოტოზე გამოსახული ავტომობილის სიახლოვეს რომ რაგბის ბურთის ფორმის სტრუქტურაა, ის ამ 450 ავტომობილის გასაღების ჩამოსაკიდებისგან არის შექმნილი. ისინი გამჭვირვალე ძაფებზეა დაკიდული, რაც სხივების ეფექტს ქმნის. „ბურთი“ კი იმ სადგამზეა მოთავსებული, რომელსაც მორაგბეები საჯარიმოს შესრულებისას, ბურთის უძრავად გასაჩერებლად იყენებენ.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ რაგბის მსოფლიო თასის მხარდაჭერის საშუალება გვეძლევა. ტურნირისა, რომელიც ბრიტანეთს დაუბრუნდა. „დისქავერი სპორტი“ ამისთვის შესაფერისი ავტომობილია, რადგან აქვს კომპაქტური გაბარიტები და 5+2 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. და მათ კავშირის მოწინავე სისტემებით უზრუნველყოფს“, - ამბობს „ლენდ როვერის“ ბრიტანული ბიზნესის გენერალური მენეჯერი ჯონ უეკეტი.
საინტერესოა, რომ სალონში ადგილების 5+2 ფორმულა იმას ნიშნავს, რომ ტურნირის მონაწილე 920 მოთამაშის და გუნდების პერსონალის 1 100 წევრის გადასაყვანად, დაახლოებით 289 „დისქავერი სპორტი“ იქნებოდა საკმარისი. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ავტომობილებს ყოველთვის სავსეს არ მოუწევს მოძრაობა.
რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშება 18 სექტემბერს დაიწყება და 31 ოქტომბერს დასრულდება.

No comments:

Post a Comment