დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 29, 2015

მაგნუსენის გადაბირებას რამდენიმე გუნდი ცდილობს

F1 teams in contact with Magnussen over 2016 seat
29 აგვისტო
კევინ მაგნუსენს გასულ სეზონში ფ1-ში კარგი დებიუტი ჰქონდა, მაგრამ გარემოებათა გამო, „მაკლარენმა“ ის თადარიგში დაიტოვა, მის ადგილზე კი ფერნანდო ალონსო მოიწვია. და როგორც ჩანს, დანიელ პილოტს უოკინგელებისგან უკეთესი პერსპექტივა არც მომავალი სეზონისთვის აქვს. ეს კი მისი ფ1-ის კარიერისთვის ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ, მაგნუსენი გააქტიურდა და ცდილობს, სხვაგან იშოვნოს ადგილი.
სხვაგან გადასვლაში მისთვის ხელის შეშლას არც უოკინგელები აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მაგნუსენით უკვე დაინტერესდნენ ამერიკული დებიუტანტი „ჰაასი“, „ფორს ინდია“ და „ლოტუსი“, რომელიც მომავალი სეზონიდან ალბათ ისევ „რენოს“ საქარხნო გუნდად გადაკეთდება. სხვათა შორის, მაგნუსენი სერია რენო 3.5-ის ჩემპიონია.

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ამ სეზონში ასპარეზობის საშუალება არ მაქვს. და მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მომავალ სეზონში რბოლებში ვიყო. მნიშვნელობა არ აქვს, „მაკლარენი“ იქნება, თუ სხვა გუნდი, აუცილებლად უნდა მივიღო რბოლებში მონაწილეობა“, - ამბობს მაგნუსენი, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ თუ მომავალ სეზონსაც გამოტოვებს, ამის შემდეგ ფ1-ში დაბრუნება კიდევ უფრო ძნელი იქნება.
„არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ თუ მომავალ წელსაც გამოვტოვებ, მაშინ რომელიმე მაღალი დონის სერიაში მაინც უნდა შევძლო გადასვლა. დარწმუნებული ვარ, ესეც მომეწონება. თუმცა ფ1 ჩემი პრიორიტეტია და ამჟამად სწორედ ამაზე ვარ ფოკუსირებული“, - დასძენს მაგნუსენი, ვინც ამ სეზონის დასაწყისში, ავსტრალიის დიდ პრიზზე, ტრავმირებული ალონსო შეცვალა.

No comments:

Post a Comment