Motor racing-IndyCar driver Wilson dies after wreck
25 აგვისტო
ინდიქარის ბრიტანელი მრბოლი ჯასტინ ვილსონი,
პოკონოს რბოლის მიწურულს მომხდარი ავარიისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად,
გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ოვალურ ტრეკზე, მაღალი სიჩქარით მოძრავ ვილსონს
თავში წინ მიმავალი ამერიკელი სეიჯ კარამის მანქანის ცხვირის მსხვილი ნამტვრევი მოხვდა,
რამაც მართვა დააკარგვინა. ვილსონის ბოლიდი კედელს შეეჯახა. 37 წლის პილოტი ქალაქ
ალენთაუნის (შტატი პენსილვანია) ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ერთი დღე კომაში
გაატარა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ვილსონი ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტია. მას
„მინარდის“ და „იაგუარის“ ბოლიდებით, 16 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და
მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თავის გამოჩენის
საშუალებას სუსტი მანქანები არ აძლევდა. ინდიქარში კი შვიდი რბოლა აქვს მოგებული
და რაც მთავარია, სერიის პილოტებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას მეუღლე
და ორი გოგონა დარჩა.
2011 წლის შემდეგ, ვილსონი პირველი პილოტია, ვინც
ინდიქარის რბოლებში დაიღუპა. წინა ფატალურ ინციდენტსაც ბრიტანელი მრბოლი, ინდი
500-ის ორგზის გამარჯვებული, 33 წლის დენ ველდონი შეეწირა. ველდონი ლას ვეგასის რბოლისას
მომხდარი ავარიისას, ადგილზევე დაიღუპა.
პოკონოს რბოლა ამ სეზონის ბოლოსწინა ეტაპი იყო და
მას 20 წლის კარამი ლიდრობდა, რომელმაც მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და კედელს
დაეჯახა. დარტყმისას მის მანქანას ცხვირის ის ნწილი მოსტყდა, რომელიც ქრეშ ბოქსის
სახელითაა ცნობილი და რომლის დანიშნულებაც, წინიდან შეჯახებისას, დარტყმის ძალის ნაწილის
შთანთქმაა. სწორედ ეს ნაწილი მოხვდა ვილსონს თავში, რამაც უმძიმესი ტრავმა
გამოიწვია. თავად კარამმა ტერფის და მაჯის მსუბუქი ტრავმები მიიღო და ისიც იმავე
ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ვილსონი, თუმცა მეორე დღესვე გამოსწერეს.
1966
წლიდან მოყოლებული, ეს ინდიქარში მომხდარი მე-18 ფატალური შემთხვევაა. ამათგან 16 ოვალურ
ტრეკებზე მოხდა, რვა კი - ინდიანაპოლისის ლეგენდარულ ოვალზე, რომელიც ძალიან
მაღალი საშუალო სიჩქარით გამოირჩევა. არაოვალურ ტრეკებიდან ტრაგედიები ტორონტოსა
(1996 წელს, ამერიკელი ჯეფ კროსნოფი) და ლაგუნა სეკას (1999 წელს, ურუგვაელი
გონსალო როდრიგესი) ტრეკებზე მოხდა. 1999 წელსვე, ფონტანას ძალიან სწრაფ ოვალზე
მომხდარ ავარიაში, 24 წლის კანადელი გრეგ მური დაიღუპა, რომელიც კარტ-ის სერიის
ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი იყო.
ვიდეო
No comments:
Post a Comment