დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 25, 2015

ფ1 გუნდ „ლიჟიეს“ დამაარსებელი გი ლიჟიე გარდაიცვალა

Former Formula 1 team boss and racing driver Guy Ligier dies
25 აგვისტო
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და საკუთარი გუნდის მფლობელი, ფრანგი გი ლიჟიე 85 წლისა გარდაიცვალა. ლიჟიეს დებიუტი ფ1-ში 1966 წელს, მონაკოს დიდი პრიზის რბოლაში შედგა, რომელშიც მან „კუპერ-მაზერატით“ იასპარეზა. თუმცა ავტოსპორტში მისვლამდე, სპორტის სულ სხვა სახეობებით იყო გატაცებული.
თავისი სამუშაო კარიერა ლიჟიემ თავის მშობლიურ ქალაქ ვიშიში, ხორცის მაღაზიაში მუშაობით დაიწყო, სპორტში პირველი გაელვება კი 1947 წელს ჰქონდა, როცა ნიჩბოსნობაში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ის იყო საფრანგეთის მორაგბეთა B ნაკრების წევრი. თუმცა არაერთი ტრავმის გამო, მორაგბის კარიერა ნაადრევად დაასრულა.
შემდეგ საგზაო მშენებლობაში გადაინაცვლა და საფრანგეთის საგზაო სისტემის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. მოტორსპორტში გამოსვლები კი ორი ბორბლით დაიწყო. მოტო რბოლებში საფრანგეთის ჩემპიონი ორჯერ (1959 და 1960 წლებში) გახდა. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცია ყურადღება ერთადგილიანი ავტომობილებით რბოლებს. აქ მისი პირველი სარბოლო სერია ფორმულა ვან ჯუნიორი იყო, რომელიც ტექნიკური პრობლემების გამო, მალე დაიხურა.
1964 წელს მონწილეობა ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიიღო. მან „პორშე 904-ით“ იასპარეზა და მალევე ფორმულა 1-ში გადაინაცვლა. აქ მხოლოდ 12 რბოლაში მიიღო მონაწილეობა (1966-67 წლებში). შემდგომ სეზონში კი, ახლო მეგობარ ჟო შლესერის დაღუპვის შემდეგ, მრბოლის კარიერა დაასრულა. მისი საუკეთესო შედეგი იყო გერმანიის 1967 წლის დიდი პრიზის რბოლაში დაკავებული მერვე ადგილი. თუმცა თავის კარიერაში ერთადერთი ქულა მაინც მიიღო, რადგან მის წინ გასული ორი პილოტი, ფორმულა 2-ის ავტომობილებით ასპარეზობდა და მათ ქულები არ ეკუთვნოდათ.
თავისი კარიერის შემდგომ ეტაპზე, გი ლიჟიე სპორტული ავტომობილების რბოლებში გადავიდა, ოღონდ არა როგორც პილოტი, არამედ როგორც კონსტრუქტორი. თავის პირველ სარბოლო ავტომობილს JS1 უწოდა, რიტაც პატივი მიაგო ჟო შლესერს. და აქედან მოყოლებული, ეს ინიციალები მისი სახელის მატარებელ ყოველ სარბოლო ავტომობილს ამშვენებდა.
1974 წელს ლიჟიემ „მატრა სპორტსი“ შეისყიდა, რამაც ორი წლის შემდეგ, ფორმულა 1-ში  საკუთარი გუნდით დაბრუნების საშუალება მისცა. 1976 წელს, ფრანგმა ჟაკ ლაფიტმა „ლიჟიეს“ იტალიის დიდ პრიზზე პირველი პოული მოუპოვა, შემდგომ სეზონში კი, შვედეთის დიდ პრიზზე გაიმარჯვა. ლაფიტისთვისაც ეს პირველი გამარჯვება იყო ფ1-ში.
აქედან მოყოლებული, „ლიჟიე“ ფორმულა 1-ში 1996 წლამდე მონაწილეობდა. სხვადასხვა დროს, მისი ავტომობილები აღჭურვილი იყო „რენოს“, „მეგატრონის“, „ჯადის“, „ფორდის“, „ლამბორგინის“ და „მუგენ-ჰონდას“ ძრავებით. გუნდმა სულ ცხრა პოული და ცხრა გამარჯვება მოიპოვა, 11 რბოლაში მისმა პილოტებმა უსწრაფესი წრე დააფიქსირეს. კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი კი ვიცე ჩემპიონის წოდებაა, რომელიც 1980 წელს მოიპოვა. „ლიჟიეს“ ბოლო გამარჯვება, 1996 წლის მონაკოს დიდ პრიზზე, ფრანგმა ოლივიე პანისმა მოუპოვა. ოღონდ, ამ დროს გი ლიჟიე ფ1-დან წასული იყო - მან თავისი გუნდი 1992 წელს სირილ დე რუვრს მიჰყიდა, რომელმაც ოთხი წლის შემდგ, ის ალენ პროსტს მიჰყიდა, რომელმაც გუნდს სახელი გამოუცვალა და „პროსტი“ უწოდა. გი ლიჟიემ კი ჯერ ბუნბრივი სასუქების ბაზარზე ამოჰყო თავი, შემდეგ კი კომპანია „ლიჟიე მიკროქარზი“ ჩამოაყალიბა და ჯუჯა ავტომობილების წარმოებას მიჰყო ხელი.

No comments:

Post a Comment