დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 15, 2015

„მინი“ კონცეპტუალურ როდსტერ „სუპერლეგერას“ გამოუშვებს

Mini Confirms Superleggera Roadster, Could Rival Miata By 2019
15 ივლისი
„მინიმ“ კონცეპტუალურ როდსტერ „სუპერლეგერას“ სერიულ წარმოებას მწვანე შუქი აუნთო. კომპანიის შეფმა პეტერ შვარცენბაუერმა, ამის შესახებ გამოცემა „ავტოქარს“ განუცხადა. ბრიტანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი შარშან შეიმუშავა და მას შემდეგ არ წყდება ვარაუდი, კონვეიერზე მისი შესაძლო დაყენების თაობაზე. თუმცა ოფიციალური დასტური აქამდე არავის გამოუთქვამს.
„როდესაც ეს ავტომობილი პირველად წარმოვადგინეთ, მან საუკეთესო გამოხმაურება მიიღო. ბაზარი ამ ავტომობილით დაინტერესებულია. ამიტომ თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ის მალე ქუჩებში გამოვიდეს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პროექტი სერიოზული გამოწვევაა. მასზე ბევრი სპეციალისტი მუშაობს. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი იქნება ბრენდისთვის“, - ამბობს შვარცენბაუერი.
ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალი ავტომობილისთვის იმავე პლატფორმას გამოიყენებენ, რომელზეც სამკარიანი ჰეჩბეკია დამყნობილი. ამის მიზეზი ისაა, რომ პლატფორმა თავისი უნივერსალობით, სიმტკიცით და სიმსუბუქით გამოირჩევა. სწორედ ბოლო ორი თვისებაა მისი მთავარი ღირსებები, რომლებიც ღია ავტომობილს საუკეთესოდ მიესადაგება.
ეს ნიშნავს, რომ „სუპერლეგერას“ სერიული ვერსია, წინა ამძრავიანი იქნება, სრულ ამძრავიანი ვარიანტის შესაძლებლობით. შვარცენბაუერი ამბობს, რომ ეს იქნება სრულიად ახალი ავტომობილი და არა „კუპესა“ და „როდსტერის“ შემცვლელი, რომელთა წარმოებაც აღარ იგეგმება. „მათი შედარება არ შეიძლება, „სუპერლეგერა“ სერიოზული სპორტული ავტომობილია“, - ამბობს კომპანიის შეფი.
პლატფორმის გარდა, „სუპერლეგერას“ სერიული ვერსია იმავე ძრავების გამას მიიღებს, რომელიც ჰეჩბეკს აქვს. ესენია 1.5 და 2.0-ლიტრიანი აგრეგატები, რომლებსაც შემდგომში ალბათ ჰიბრიდული სისტემაც დაემატება, რომელსაც პირველად „ბეემვე“ გამოიყენებს მე-2 სერიის „ექტივ ტურერზე“. ამ სისტემაში სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავი (134 ცხ.ძ) და უკან განლაგებული ელექტრო ძრავი (87 ცხ.ძ) შევა.

No comments:

Post a Comment