დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 7, 2015

„სუზუკი“ „ფოლკსვაგენთან“ დავის დასრულების მოლოდინში

Suzuki, VW await arbitration decision in dispute
7 ივლისი
„სუზუკი მოტორ კორპორეიშნმა“ გამოაცხადა, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფთან არსებულ უთანხმოებათა გარჩევის პროცესი დასრულებულია და მხარეები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. იაპონურ კომპანიას იმედი აქვს, რომ საკუთარი აქციების იმ 19.9 პროცენტის გამოსყიდვის უფლებას მოიპოვებს, რომლებიც „ფოლკსვაგენმა“, ადრე გაფორმებული ხელშეკრულებით შეისყიდა.
„გაოცებულები ვართ იმ ფაქტით, რომ არბიტრაჟს ამდენი დრო დასჭირდა. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, მას მაშინვე გავასაჯაროებთ“, - კომპანიის აქციონერთა შეკრებაზე გამოსვლისას განაცხადა „სუზუკის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ჯერაც კომპანიის პრეზიდენტმა ოსამუ სუზუკიმ.
„სუზუკიმ“ და „ფოლკსვაგენმა“ პარტნიორული ხელშეკრულება 2009 წელს გააფორმეს. კონტრაქტზე ხელი ოსამუ სუზუკიმ და გერმანული ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა მოაწერეს. მათი თანამშრომლობა პატარა, ეკონომიური ავტომობილების წარმოებას და ტექნოლოგიების გაცვლას შეეხებოდა. პატარა ავტომობილების წარმოება გერმანული ჯგუფის ინტერესში შედიოდა, რომელიც განვითარებად ბაზრებზე, მათ შორის, ინდოეთში დამკვიდრებას ცდილობს. „სუზუკის“ კი გერმანულ ტექნოლოგიებზე წვდომა აინტერესებდა.
მიმომხილველთა აზრით, „სუზუკის“ საკუთარი აქციების გამოსყიდვის დიდი შანსი აქვს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ორი კომპანია თანამშრომლობაზე მაინც შეთანხმდება. ამით „ფოლკსვაგენს“ საბიუჯეტო ბრენდის სწრაფად ამოქედების და აზიის ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობა მიეცემა. ცნობისათვის, „სუზუკი“ იმავე გარიგების ძალით, „ფოლკსვაგენის“ აქციების 1.5 პროცენტს ფლობს, რაშიც 770 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. გერმანულ კომპანიას კი „სუზუკის“ აქციები 1.7 მილიარდ ევრო დაუჯდა.

No comments:

Post a Comment