დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 27, 2015

„ფორდ ფოკუს RS“ 350 ცხენის ძალით

Ford Focus RS Officially Rated At 350 PS And 440 Nm
27 ივნისი
ჟენევის მოტორ შოუზე პრემიერის შემდეგ, „ფორდმა“ თავისი ახალი „ფოკუს RS-ის“ ძრავის სიმძლავრის და მაბრუნი მომენტის მონაცემები ახლაღა გამოაქვეყნა. ეს გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დროს მოხდა, სადაც ტემპერამენტიანი კომპაქტური ჰეჩბეკით, „ჯიმხანას“ და მსოფლიო რალიქროსის ვარსკვლავმა, ამერიკელმა მრბოლმა კენი ბლოკმა გაინავარდა.
ავტომობილი აღჭურვილია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 350 ცხენის ძალას (6 800 ბრ/წთ-ზე) და 440 ნიუტონმეტრს (2 000-4 500 ბრ/წთ დიაპაზონში) ავითარებს. სისტემს ოვერბუსტის დახმარებით, მომენტი მყისიერად შეიძლება 470 ნიუტონმეტრამდე გაიზარდოს. ეს მკვეთრი აჩქარებისას არის შესაძლებელი და ამ რეჟიმში ძრავს მუშაობა მხოლოდ 15 წამის განმავლობაში შეუძლია.
ამ ძრავს ცისფერი ოვალი ახალ „მუსტანგზეც“ იყენებს, ოღონდ „ფოკუს RS-ზე“ მისი სიმძლავრე 10 პროცენტით არის გაზრდილი. ინჟინრებმა სიმძლავრის გაზრდას, წყვილხვეულიანი, დაბალი ინერციის მქონე ტურბო კომპრესორის გამოყენებით მიაღწიეს. ამ კომპრესორს უფრო დიდი ზომის დამჭირხნი სეგმენტი აქვს, რომელიც ძრავის წვის კამერაში, უფრო დიდი მოცულობით ჰაერის მიწოდებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ასეთ კომპრესორს უფრო მძლავრი გაგრილებაც დასჭირდა.
მაგრამ ესეც არაა ყველაფერი, რაც ამ ძრავს ინჟინრებმა გაუკეთეს. მათ შემშვები და გამომშვები კოლექტორების ფორმებიც შეცვალეს, რაც აგრეგატს უკეთ „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს. შეშვების შემთხვევაში, ეს იმისთვის გახდა საჭირო, რომ წვის კამერას, ჰაერისა და საწვავის უფრო დიდი მოცულობის ნარევის მიღების საშუალება ჰქონოდა, გამოშვების შემთხვევაში კი იმისათვის, რომ შესაბამისად, გაზრდილი მოცულობის გამონბოლქვისგან ძრავის სწრაფად დაცლა ყოფილიყო შესაძლებელი. გამოსაბოლქვი მილის ბოლოში მოთავსებულია ელექტრონულად მართვადი ლილვი, რომელიც გამოსაბოლქვში წნევას და ხმაურს არეგულირებს.
„ჩვენ ენთუზიასტებს სერიოზულ მანქანას შევირდით და ეს სწორედ ისაა, რასაც ისინი ჩვენგან ელოდნენ, თავისი 350 ცხენის ძალით კაპოტქვეშ. აღმაფრთოვანებელი სიჩქარით და ინოვაციური ტექნოლოგიებით, სრულიად ახალი „ფოკუს RS-ი“ ეგზოტიკურ და სარბოლო ავტომობილებთან ძალიან ახლოს დგას. და ის გამოწვევებისთვის მზადაა“, - ამბობს „ფორდ პერფორმენსის“ გლობალური დირექტორი დეივ პერიაკი.
მესამე თაობის „ფორდ ფოკუს RS-ს“ ამერიკული კომპანიის ზაარლუისის (გერმანია) ქარხანა გამოუშვებს და ევროპულ ბაზარზე ის 2016 წელს გამოვა.

No comments:

Post a Comment