დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 28, 2015

დათა ქაჯაიამ პოლ რიკარზეც ორივე რბოლა მოიგო

28 ივნისი
ტურიზმის კლასში ევროპის ჩემპიონატზე დათა ქაჯაიას წარმატებულ გამოსვლასაც ისევე სწრაფად მივეჩვიეთ, როგორც ეს წინა სამ სეზონში, ლეგენდების კლასის ევროპული რბოლებისას ხდებოდა. ETCC-ს სერიის პირველ სამ ეტაპზე, დათამ თავის კლასში (TC2T) ექვსივე რბოლა მოიგო და დამაჯერებლად ლიდრობს. უფრო მეტიც, ის უფრო სწრაფი „სეატების“ პილოტებთანაც ახერხებს ბრძოლას და ამის დასტურად, ორჯერ აბსოლუტურში მეორე იყო.
მესამე ეტაპს საფრანგეთის ლე კასტელეს პოლ რიკარის ტრეკმა უმასპინძლა, სადაც არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ფორმულა 1-ის რბოლებიც ტარდებოდა. კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ, დათასთავის პირველი რბოლა თითქოს ძნელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოძრავ სტარტზე ოდნავ შეყოვნდა, რის გამოც, რამდენიმე პოზიცია დაკარგა. თუმცა თავის კლასში ლიდერობა მაინც შეინარჩუნა და წინ არც არავინ გაუშვია.
თუმცა, ესეც არ იკმარა. თანდათან დაიბრუნა პოზიციები და რბოლის მიწურულს, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ერთი შეხედვით, ამაში ხელი მეტოქეებმა - მატ’ო ჰომოლამ და ანდრეას პფისტერმა შეუწყვეს, რომლებმაც მეორე ადგილისთვის ბრძლაში გართულებმა, ყველაზე მეტად საკუთარი ინტერესები დააზარალეს. მაგრამ ქართველის კარგ რბოლაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის მეორეზე გასულ პეტრ ფულინს 0.256 წამით ჩამორჩა. ფულინის გასწრებაც შეეძლო, მაგრამ გადაწმყვეტ მომენტში, წრეზე ჩამორჩენილმა მრბოლმა შეუშალა ხელი და საბოლოოდ, განზრახვაზე ხელი აიღო. და ეს იმ დროს, როცა დათა საბურავებს უფრთხილდებოდა - მეორე რბოლაშიც იმავე კომპლექტით უნდა გამოსულიყო და რეზინი უკვე გვარიანად გაცვეთილი იყო. გამარჯვება (ამ სეზონში მესამე) დუშან ბორკოვიჩმა მოიპოვა.
ფოტო სლოვაკიარინგიდან (წინა ეტაპი)
მეორე რბოლა ქაჯაიამ უკანა რიგებიდან დაიწყო (პირველი რბოლის შედეგების რევერსული განლაგების წესით) და გვარიანად გაცვეთილი საბურავების გამო, დაწინაურების შესაძლებლობა აღარ მიეცა. თუმცა მთავარი ისაა, რომ თავის კლასში ისევ ყველაზე სწრაფი იყო და ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაც მოიპოვა. აბსოლუტურში კი ამჯერად მე-6 ადგილს დასჯერდა.
ETCC-ს მეოთხე (ექვსიდან) ეტაპს ჩეხეთის ბრნოს ტრეკი 6 სექტემბერს უმასპინძლებს.

No comments:

Post a Comment