დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 23, 2015

ჰამილტონის პირველი პოული მონაკოში

Motor racing-Hamilton takes his first Monaco F1 pole
23 მაისი
ლუის ჰამილტონმა თავის კარიერაში პირველად მოიპოვა მონაკოს დიდი პრიზის კვალიფიკაცია. და ეს საკმაოდ იოლად მოახერხა თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან პაექრობაში, რომელსაც ჯუჯა სახელმწიფოს ქუჩებში წინა ორი კვალიფიკაცია (და რბოლაც) აქვს მოგებული. თანაც, გამარჯვებაში თავად როსბერგმა შეუწყო ხელი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, სწრაფ წრეზე შეცდომა დაუშვა.
„როგორც იქნა, ესეც მოვახერხე. ეს არ იყო ადვილი სესია. ბოლო ორ წრემდე, რიტმში შესვლას ვერაფრით ვახერხებდი. ეს პოული განსაკუთრებულია ჩემთვის“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც მონაკოს დიდი პრიზი ერთხელ, 2008 წელს აქვს მოგებული და ის სეზონი თავისი პირველი ტიტულით დააგვირგვინა. ის რბოლა მან მესამე პოზიციიდან დაიწყო, მას შემდეგ კი მონაკოში მხოლოდ პოულის მფლობელები იგებენ.

ჰამილტონი ზედიზედ მე-14 რბოლას დაიწყებს პირველი რიგიდან. ამასთან, მას ამ სეზონში ჩატარებული ექვსი კვალიფიკაციიდან ხუთი აქვს მოგებული. ბრიტანელმა, ვინც სწორედ მონაკოში ცხოვრობს, როსბერგს 0.342 წამით აჯობა. გერმანელმა ამ კვალიფიკაციაზე თავისი ბოლო სწრაფი წრე დასაწყისშივე გააფუჭა, როცა მოსახვევ სენ დევოში ინტენსიურად დაამუხრუჭა და ამის გამო, ბორბლები დაბლოკა.
სხვათა შორის, მსგავსი შეცდომა როსბერგს სესიის მეორე ნაწილის მიწურულსაც მოუვიდა, რის გამოც, მოსახვევში გაჩერებამ მოუწია. ეს კი იმით დამთავრდა, რომ სტუარდებმა ყვითელი შუქები აანთეს და ტრასაზე უკეთესი დროისთვის მოასპარეზე პილოტებს ხელი შეუშალეს. მათ შორის იყვნენ ფელიპე მასა, ჯენსონ ბატონი და ნიკო ჰულკენბერგი. სამივეს ათეულში მოხვედრის რეალური შანსი ჰქონდა. ბატონს რომ ეს მოეხერხებინა, კრიზისში მყოფი „მაკლარენისთვის“, ეს ამ სეზონში პირველი საკვალიფიკაციო ათეული იქნებოდა.
არ გაუმართლა ბატონის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსაც, რომელსაც სესიის მეორე ნაწილის დასაწყისშივე ჩაუქვრა ძრავი. „უილიამსისთვის“ კი ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე წარუმატებელი კვალიფიკაციაა. ათეულს ვინ ჩივის, ვალტერი ბოტასი პირველივე ნაწილის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას. სამაგიეროდ, „რედ ბულმა“ და „ტორო როსომ“ გაილაღეს, რომლებსაც „ფერარის“ მსგავსად, ათეულში ორ-ორი პილოტი ჰყავდათ.
ჰყავდათ იმიტომ, რომ კარლოს საინს უმცროსს მერვე ადგილიდან სტარტის აღების საშუალება არ მიეცემა - კვალიფიკაციის შემდეგ მას აწონვის სავალდებულო პროცედურა არ გაუვლია, რის გამოც, რბოლას პიტლეინიდან დაიწყებს. სტარტზე ადგილები მე-11 ადგილზე გასულმა რომენ გროჟანმაც დაკარგა, ვისაც გადაცემათა კოლოფი შეუცვალეს. ამგვარად, სტარტზე მე-10 ადგილს ბატონი დაიკავებს.

მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:15.098
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:15.440
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:15.849
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:16.041
5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:16.182
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:16.427
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:16.808
8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1:16.931
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          1:16.946
10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:16.957
- - - - - - - - - -
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:17.007
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:17.093
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:17.193
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:17.278
15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:26.632
- - - - - - - - - -
16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:18.101
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:18.434
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:18.513
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:20.655
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)       1:20.904

No comments:

Post a Comment