დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 24, 2015

ვესტერნი მონაკოში

Motor racing-Rosberg takes surprise Monaco hat trick
24 მაისი
მონაკოში რბოლისას გასწრება თითქმის შეუძლებელია და ამიტომ, კვალიფიკაციაზე რასაც მოიპოვებ, რბოლის ბოლოსაც მისი შენარჩუნების დიდი შანსია. ამას სტატისტიკაც გვიდასტურებს - 2008 წლიდან მოყოლებული, ფორმულა ერთის ყველაზე პრესტიჟულ რბოლას, მხოლოდ პოულიდან იგებენ. 2008-ში ლუის ჰამილტონმა გაიმარჯვა და მან სტარტი მესამე პოზიციიდან აიღო. ამჯერად პოულზე თავად იდგა - პირველად თავის კარიერაში...
მაგრამ სტატისტიკა ამჯერად დაირღვა და ამას ხელი შემთხვევამ შეუწყო. ეს შემთხვევა კი მაქს ფერსტაპენის და რომენ გროჟანის ავარიამ შექმნა, რომელიც 64-ე წრეზე მოხდა. მათი შეჯახების შემდეგ, რომელიც 17 წლის ჰოლანდიელის ზედმეტად რისკიანმა გასწრების მანევრმა გამოიწვია, ტრასაზე პეისქარი გამოვიდა. ფინიშამდე 13 წრე იყო დარჩენილი, რომელთაგან სავარაუდოდ, რბოლის მონაწილენი ნახევარს არასარბოლო რეჟიმში, უსაფრთხოების მანქანის უკან გაატარებდნენ, მაგრამ „მერსედესში“ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ჰამილტონი სუპერ სოფტ საბურავებზე გადაეყვანათ. იმავე „მერსედესმა“ ნიკო როსბერგს ბორბლები არ შეუცვალა. ბოქსში არც სებასტიან ფეტელი შესულა.
მოკლედ, ტრასაზე დაბრუნებულ ჰამილტონს ორივემ გაასწრო... მსოფლიო ჩემპიონს ვერც ძალიან რბილმა საბურავმა უშველა, ვერც DRS-მა - მონაკოს ვიწრო ქუჩებში გასწრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ფეტელმა კი შეცდომა არ დაუშვა და ჰამილტონმაც მალე გააცნობიერა, რომ გასწრების შანსი აღარ ჰქონდა. ეგ კი არა, უკნიდან დანიელ რიკარდომაც შეუტია...

როსბერგმა ზედიზედ მესამედ მოიგო მონაკოს დიდი პრიზი. ამ სამიდან წინა ორი მას პოულიდან აქვს მოგებული. ამ გამარჯვების შემდეგ, მან ჰამილტონთან ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა. თუმცა, ქულების დათვლა ადრეა, რადგან 19 რბოლიდან ჯერ მხოლოდ 6 ჩატარდა. როსბერგმა ზედიზედ მეორე რბოლაში გაიმარჯვა. ჰამილტონის ანგარიშზე სამი გამარჯვებაა, ფეტელს კი მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
„რბოლა წავაგე, ასე არ არის? ბიჭებო, რა მოხდა?“ - გაოგნებული ეკითხებოდა თავის გუნდს ჰამილტონი მას შემდეგ, რაც პიტლეინიდან გამოსვლისას, გვერდზე როსბერგმა და ფეტელმა ჩაუქროლეს. მოგვიანებით, ჩემპიონმა თავისიანებს უთხრა: „არცკი ვიცი, როგორ გადმოგცეთ ჩემი განწყობა, ამას აზრიც არ აქვს“. ჰამილტონს დაჯილდოებისას არც გაუღიმია, როსბერგს ხელის ჩამორთმევით მიულოცა და მესამე ადგილისთვის სარგო თასის მისაღებადაც ენთუზიაზმის გარეშე ეახლა მონაკოს სამეფო ოჯახს.

„მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა რბოლის შემდეგ ჰამილტონს მოუბოდიშა. ჩემპიონმაც დიდსულოვნად განაცხადა - ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გამარჯვებასაც ერთად მოვიპოვებთ და ერთადვე ვაგებთო. ვოლფის თქმით, გუნდმა არასწორად განსაზღვრა ის უპირატესობა, რომელიც ჰამილტონს მდევრებთან ჰქონდა. სარბოლო ინჟინრებმა ჩათვალეს, რომ ტრასაზე დაბრუნებული მათი პილოტი ისევ წინ იქნებოდა.
ფორმულა ერთის ისტორიაში, როსბერგი მეოთხე პილოტია, ვინც მონაკოს დიდი პრიზი ზედიზედ სამჯერ მოიგო. ოღონდ, დანარჩენი სამისგან განსხვავებით, მის კარიერას ჩემპიონის გვირგვინი ჯერაც არ ამშვენებს. როსბერგის გარდა, მონკოში ზედიზედ სამჯერ გრემ ჰილმა, აირტონ სენამ და ალენ პროსტმა გაიმარჯვეს.
„რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ ძალიან გამიმართლა. ლუისმა ბრწყინვალედ იასპარეზა და გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ რბოლაში ასეც ხდება ხოლმე. აქ ის ჩემზე უკეთესი იყო. ასე რომ, წამუშავება მომიწევს“, - განცხადა როსბერგმა.
საინტერესოა, რომ გროჟანთან შეჯახებამდე, ფერსტაპენმა ორი მოხერხებული გასწრება შეასრულა. მას კიმი რაიკონენი წრეზე დაეწია და რა თქმა უნდა, ამის შესახებ მარშლებმა ლურჯი დროშებით ამცნეს. მაქსმაც გაატარა და მაშინვე კუდში მიჰყვა. ფინელს ხომ კარლოს საინსისთვის და ვალტერი ბოტასისთვისაც უნდა გაესწრო. ასეც მოიქცა და მას ფერსტაპენიც გაჰყვა, რომელმაც გამსწრებისთვის კუთვნილი ლურჯი დროშებით კარგად ისარგებლა.
ეს „ლოტუსის“ ბოქსშიც დააფქსირეს და ამის შესახებ გროჟანს შეატყობინეს - ფერსტაპენს ყურადღება მიაქციე, რაიკონენთან ერთად არ გაგეპაროსო. ფრანგმაც კარგად ჩაკეტა „თავხედი“ თინეიჯერი. მაგრამ ამას ტემპი ისეთი აკრეფილი ჰქონდა, საკუთარი ძალებით სცადა გასწრება. მაგრამ ამჯერად ზედმეტი მოუვიდა. პეისკარის გამოსვლას და ყველაფრის თავდაყირა დაყენებას კი შეუწყო ხელი...
მონაკოს რბოლაში კიდევ ორი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. დანილ კვიატმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მან ეს მიღწევა, კარგი სტარტით დაიმსახურა - პირველ მოსახვევში თანაგუნდელ დანიელ რიკარდოს შეასწრო. რესტარტის შემდეგ კი რიკარდომ აიწყვიტა - რაიკონენს გაასწრო, რაშიც მცირე შეჯახებაც დაეხმარა. სტიუარდებმა ამაში „კრიმინალი“ არ დააფიქსირეს. ამის შემდეგ, ოზ მრბოლს გზა კვიატმა დაუთმო - რიკარდოს სუპერ სოფტებით ჰამილტონის დაწევის და გასწრების უფრო მეტი შანსი ჰქონდა. მაგრამ ჰამილტონიც სუპერ სოფტებით იყო და ასეც რომ არ ყოფილიყო, წინ ვის გაუშვებდა. მოკლედ, როცა ავსტრალიელი დარწმუნდა, რომ წინ ვერ წაიწევდა, მეოთხე ადგილი ისევ კვიატს დაუბრუნა!
დაბოლოს, ჯენსონ ბატონმა, როგორც იქნა, „მაკლარენს“ პირველი ქულები მოუპოვა. მან რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. სამწუხაროდ, კვლავ არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც კვლავ ტექნიკამ უმუხთლა. თუმცა, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია და იმედია, უოკინგელებს მალე ვიხილავთ მოწინავეთა შორის.
და რა თქმა უნდა, ქებას იმსახურებენ სერხიო პერესი და ფელიპე ნასრი. მათი გუნდები - „ფორს ინდია“ და „ზაუბერი“ პრაქტიკულად ვერ ახერხებენ მანქანის სრულყოფას, ასეთ დროს კი ათეულში შესვლა და ქულების აღება, ნამდვილი გმირობის ტოლფასია.

მონაკოს დიდი პრიზი
მონტე კარლო, დისტანცია 260.520 კმ (78 წრე, 3.340 კმ)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:49:18.420 
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    +00:04.486  
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           00:06.053   
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        00:11.965   
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:13.608   
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             00:14.345   
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      00:15.013   
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:16.063   
9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                        00:23.626   
10. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:25.056   
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          00:26.232   
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  00:28.415   
13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   00:31.159   
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   00:45.789   
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1 წრე
16. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          2 წრე
17. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2 წრე
გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             15 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              36 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          70 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:18.063, 74-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 126 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 116; 3. სებასტიან ფეტელი - 98; 4. კიმი რაიკონენი - 60; 5. ვალტერი ბოტასი - 42; 6. ფელიპე მასა - 39; 7. დანიელ რიკარდო - 35; 8. დანილ კვიატი - 17; 9. ფელიპე ნასრი - 16; 10. რომენ გროჟანი - 16; 11. სერხიო პერესი - 11; 12. კარლოს საინს უმცროსი - 9; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 14. მაქს ფერსტაპენი - 6; 15. მარკუს ერიქსონი - 5; 16. ჯენსონ ბატონი - 4

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 242 ქულა; 2. ფერარი - 158; 3. უილიამს-მერსედესი - 81; 4. რედ ბულ-რენო - 52; 5. ზაუბერ-ფერარი - 21; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 17; 7. ლოტუს-მერსედესი - 16; 8. ტორო როსო-რენო - 15; 9. მაკლარენ-ჰონდა - 4; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment