დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 24, 2015

„აკურა NSX-ის“ დებიუტი დეტროიტში

2016 Acura NSX Debuts at Detroit
24 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე, „ჰონდას“ პრემიუმ ბრენდ Acura-ს სუპერ ავტომობილი NSX გახდა. იაპონური კომპანია ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას, ორი წელი ატარებდა გამოფენიდან გამოფენაზე, ბოლოს კი სერიული ავტომობილიც გვიჩვენა. ეს ავტომობილი, ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომლებსაც ისედაც ველოდით. თუმცა როგორც შოუს დროს გაირკვა, „ჰონდამ“ მოლოდინსაც გადააჭარბა.
წინასწარ ვთქვათ, რომ იაპონურ კომპანიას NSX-ის ძალური დანადგარის მახასიათებლები დეტროიტში არ გამოუქვეყნებია. თუმცა მისი აგებულება გაგვიმხილა. კერძოდ, ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში შედის ბაზაში განლაგებული, წყვილი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი V6 ძრავი, რომელთან ერთადაც, უკანა ბორბლებს ერთი ელექტრო ძრავიც ემსახურება. წინა ბორბლებს კი თითო ელექტრო ძრავი ატრიალებს. ამგვარად, ჰიბრიდულ სისტემაში სამი ელექტრო ძრავი შევიდა, სუპერ ავტომობილი კი სრულ ამძრავიანია.
რაც შეეხება დიზაინს. სერიული მოდელი, თავის კონცეპტუალურ ვერსიებთან შედარებით, გაცილებით დახვეწილად გამოიყურება. ის პირველი NSX-ის პროპორციებს გაგახსენებთ. ამასთან ის აეროდინამიკური ელემენტებითაცაა „დახუნძლული“. შესაძლოა, ცალკეული ელემენტებით, ის ცნობილ სუპერ ავტომობილებს მიამსგავსოთ, მაგრამ ეს მხოლოდ სუბიექტური აზრი იქნება. როგორც კი ამ ავტომობილს ნახავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ძელი NSX-ის „გვარისაა“.
ახალი NSX-ი სივრცულ სტრუქტურაზეა აგებული, რომელიც ალუმინის, კარბონის კომპოზიტის და მტკიცე ფოლადისგან დამზადდა. ძარის დეტალები ალუმინითა და პოლიეთერული კომპოზიციური მასალით დამზადდა. ყველა მათგანი ჩამოსხმული და წნევის ქვეშაა ფორმირებული. სუპერ ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4470 მილიმეტრი, სიგანე 1940 მილიმეტრი, სიმაღლე 1215 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი 2630 მილიმეტრია. ავტომობილის წინა ბორბლები 19-დუიმიანია, უკანები კი - 20-დუიმიანი. მათში კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე დისკოებია განლაგებული, რომლებსაც წინ ექვსცილინდრიანი, უკან კი ოთხცილინდრიანი დამჭერები ემსახურება.
„აკურა NSX-ის“ მართვის ელექტრონული სისტემა ოთხ რეჟიმში მუშაობს. ესენია: ქვაიეტ (მშვიდი), სპორტი, სპორტ + და ტრეკი. ყველა რეჟიმის შემთხვევაში, ელექტრონიკა ძრავების და ტრანსმისიის მუშაობას, შასის და გამონაბოლქვი აირების ხმას განსხვავებულად მომართავს. მშვიდ რეჟიმში ავტომობილი მხოლოდ ელექტრო ძრავების დახმარებით და მოკლე დისტანციაზე გადაადგილდება. ტრეკის დროს კი ჰიბრიდული სისტემა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს.

ახალი „აკურა NSX-ის“ გაყიდვები ამ წლის ბოლოს დაიწყება. ამერიკაში ის 150 000 დოლარი ეღირება. შედარებისთვის, იმავე ამერიკის ბაზარზე, ამ ავტომობილის კონკურენტები, Audi R8 V10 და Porsche 911 Turbo, შესაბამისად, 153 900 და 151 100 დოლარი ღირს.

No comments:

Post a Comment