McLaren F1 team unveils Honda-powered MP4-30
29 იანვარი
„მაკლარენ-ჰონდა MP4-30“, ავტომობილი, რომელსაც დიდი
პრიზების სამყარო ალბათ ყველაზე მეტად ელოდა. იმიტომ, რომ უოკინგელებს და მათს
იაპონელ პარტნიორებს, ძველი დიდების დაბრუნება სწყურიათ, რომელსაც 1988-1992
წლებში ლეგენდარული პილოტები - აირტონ სენა და ალენ პროსტი ქმნიდნენ. და ეს „მაკლარენის“
პირველი ავტომობილია, რომლის შემუშავებასაც, „რედ ბულიდან“ გადმობირებული, აეროდინამიკის
სპეციალისტი პეტერ პროდრომუ ხელმძღვანელობდა.
MP4-30-ის შექმნაში, „მაკლარენთან“ ერთად, „ჰონდას“
სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. მათი ამოცან, აგრეგატის და მისი დამხმარე
ელემენტების რაც შეიძლება კომპაქტურად განლაგება იყო, რათა ხელი შეეწყოთ
ოპტიმალური აეროდინამიკური ფორმის შემუშავებისთვის. როგორც ცნბილია, „ჰონდას“
ფ1-ში საკუთარი გუნდ ჰყავდა, მაგრამ 2009 წელს წავიდა, მის მიერ დატოვებული მანქანთ
კი ჯენსონ ბატონმა თავის კარიერაში (ჯერჯერობით) ერთადერთი ტიტული მოიპოვა.
„ჩვენ ახლა ასი პროცენტით მობილიზებულნი ვართ
ხერესის ტესტებზე. ჩვენი ტექნოლოგიის კონკურენტუნარიანობაში დარწმუნებულნი ვართ.
ახლა მთავარია, ტრასაზე ის როგორ იმუშავებს. გრძელი სეზონის განმავლობაში არაერთი
რთული გამოწვევა გველის. მაგრამ „ჰონდა“ ამისათვის მზადაა. ჩვენ აქ სწორედ
იმისთვის ვართ, რომ ფორმულა ერთის ტექნოლოგიები განვავითაროთ და ფანებს სიამოვნება
მივანიჭოთ“, - ამბობს „ჰონდა მოტორსპორტის“ შეფი იასუჰირა არაი.
იაპონური კომპანიის გარდა, „მაკლარენი“ დიდ იმედებს
პროდრომუზეც ამყარებს. ეს ძალიან გამოცდილი ინჟინერია აეროდინამიკის სპეციალზაციით
და წლების განმავლობაში, ედრიან ნიუის მარჯვენა ხელი იყო. მოსვლისთანავე, მან საფუძვლიანად
შეცვალა უოკინგელთა უკომპრომისო მიდგომა ავტომობილის მაქსიმალური ჩაჭიდების
უზრუნველყოფისას. ამიერიდან, პრიორიტეტი აღარაა ჩაჭიდების პიკური მაჩვენებლის
თეორიულად მიღება. პროდრომუ თვლის, რომ უმჯობესი იქნება მანქანის არსებული შესაძლებლობებიდან
მაქსიმალური სარგებლის მიღება.
მაგალითისთვის, ის თვლის, რომ უმჯობესია მანქანის 700-კილოგრამიანი
ჩაჭიდების 100 პროცენტის გამოყენება, ვიდრე მანქანის შესაძლებლობა 750-კილოგრამიანი
ჩაჭიდება იყოს და მისი მხოლოდ 80 პროცენტის გამოყენება შეგვეძლოს. ამ შემთხვევაში,
ავტომობილი ადვილად დაექვემდებარება სხვადასხვა ტრასის მახასიათებლების
შესაბამისად მომართვას და შედეგებიც უკეთესი და უფრო სტაბილური ექნება.
„მაკლარენის“ რბოლების დირექტორი ერიკ ბუიე ამბობს,
რომ წარსულში დარჩა დრო, როცა მანქანის საპროექტო შესაძლებლობების ტრასაზე გამოყენება
ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ ის რეგულირებებს ძნელად ექვემდებარებოდა. ის
ამბობს, რომ პილოტისადმი მეგობრული ასეთი მიდგომა, გუნდისთვის ახალია და ის პილოტებს
საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის და მანქანების ზღვარზე მართვის საშუალებას
მისცემს.
„შეიძლება გააკეთო სწრაფი მანქანა, მაგრამ პილოტი
მის გამოყენებას ვერ ახერხებდეს. ეს დროის და სახსრების უაზრო ფლანგვაა. ჩვენთვის
მთავარი ისაა, რომ ჩვენმა მრბოლებმა შეძლონ ახალი მანქანის ზღვარზე მართვა. სწორედ
ესაა ჩვენი ახალი ფილოსოფია“, - ამბობს ბუიე და დასძენს, რომ ავტომობილი, რომელიც გუნდმა
პრეზენტაციაზე წარადგინა, ხერესის ტესტებამდე ახალი ელემენტებით აღიჭურვება. უფრო
მეტიც, უკვე შემუშავებულია გეგმა, რომელიც სეზონის პირველ რბოლამდე MP4-30-ის მოდიფიცირებას
ითვალისწინებს.
დაბოლოს, პილოტები. „მაკლარენი“ ჩემპიონების გუნდია
- ბატონის და „ფერარიდან“ დაბრუნებული ფერნანდო ალონსოს ანგარიშზე სამი ტიტულია.
ეს „ჰონდას“ მიზანი იყო და იაპონურმა კომპანიამ მას მიაღწია კიდეც. არადა,
ალონსოსთან ბევრი მოლაპარაკება დასჭირდა. არადა, ალბათ გახსოვთ, ესპანელის გამო
დაწყებული „სპაიგეიტი“ უოკინგელებს 100 მილიონი დოლარის ჯარიმად დაუჯდათ.
„ბავშვობაში, როცა გო-კარტის მრბოლი ვიყავი,
ტელევიზორში სენას და პროსტის ბრძოლებს ვუყურებდი, რომლებიც „მაკლარენ-ჰონდას“
მანქანებით ასპარეზობდნენ. მე სწორედ ისინი მყავდა კერპებად და ჩემთვის დიდი
პატივია, რომ „მაკლარენ-ჰონდას“ ახალი ეპოქის დასაწყისში, ამ გუნდის წევრი ვარ“, -
განაცხადა ალონსომ.
No comments:
Post a Comment