დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 16, 2015

„ფორდის“ მესამე დეტროიტული სიახლე - „შელბი მუსტანგ GT350R“

Ford Takes The Covers Off New Hardcore Shelby GT350R Mustang
16 იანვარი
დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუს სამი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს, სამივე „ფორდისგან“ და სამივე მსგავს ფერებში გაფორმებული. GT და „F-150 რეპტორი“ უკვე გაგაცანით. ახლა კი „შელბი მუსტანგ GT350R-ის“ ჯერია, ავტომობილის, რომლითაც ცისფერი ოვალი წლების განმავლობაში საფუძვლიანად იამაყებს, რადგან მისივე ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ მოდელის არსებობის ისტორიაში, ეს ყველაზე გამორჩეული სატრეკო „მუსტანგია“.
სახელი GT350 „ფორდმა“ პირველად 1965 წელს გამოიყენა, როცა ქეროლ შელბისთან ერთად, „მუსტანგის“ სარბოლო ვერსია შეიმუშავა. იმ ავტომობილს „მუსტანგ GT350 კომპეტიშნ მოდელ“ დაარქვეს. ის სერიულ „მუსტანგზე“ მსუბუქი და მძლავრი იყო და უკეთესი (უფრო სპორტული) საკიდარიც ჰქონდა. ახალი „შელბი მუსტანგ GT350R-იც“ სერიულ პონიზე მსუბუქი და მძლავრია, ასევე აეროდინამიკურად უფრო დახვეწილია. ბევრი სიახლეა გამოყენებული შასიშიც. როგორც „ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, გლობალური პროდუქტების განვითარების შეფი რაჯ ნაირი ამბობს, „შელბი მუსტანგ GT350R“ არამხოლოდ შესანიშნავი სატრეკო მახასიათებლებით გამოირჩევა, არამედ საერთო სარგებლობის გზებზე საექსპლუატაციოდაც მოსახერხებელია.
ეს ცისფერი ოვალის პირველი სერიული ავტომობილია, რომელიც ეგრეთ წოდებული ბრტყელ მუხლა ლილვიანი (მრუდმხარას ყელებს შორის 180-გრადუსიანი გაშლით) V8 ძრავით აღიჭურვა. ამასთან, ეს მისსავე ისტორიაში, ყველაზე მძლავრი სერიული ატმოსფერული აგრეგატია. მოდიფიკაცია ჩაუტარდა საკიდარს, რომელიც განსხვავებული სიხისტის ზამბარებით და სტაბილიზატორებით აღიჭურვა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, შემცირდა ავტომობილის კლირენსი. იმავე რაჯ ნაირის თქმით, „შელბიGT350R“ არ არის უბრალოდ მძლავრი ავტომობილი. ეს სრულიად დაბალანსებული ათლეტია, რომელიც სიზუსტით და სისხარტით გამოირჩევა.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 5.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც „ვუდუს“ მეტსახელითაცაა ცნობილი. ის 500 ცხენის ძალაზე მეტს და 542 ნიუტონმეტრზე მეტს გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, უკანა ღერძზე კი „ტორსენის“ გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი განლაგდა, რომლის გადაცემის რიცხვიც არის 3.73.
გარეგნულად, „შელბი GT350R“ დაკუნთული ნაკვთებით გამოირჩევა. მის კაპოტში სავენტილაციო ჭრილები გაჩნდა, საიდანაც გახურებული ჰაერი გამოიდევნება. გარდა ამისა, ამ არხს აეროდინამიკური დანიშნულებაც აქვს - ის მაღალ სიჩქარეზე ამწევ ძალას ამცირებს. ავტომობილს იმავე დანიშნულებით ემსახურება წინა და უკანა დიფუზორები, წინა სპლიტერი და უკანა ზორბა ანტი ფრთა. ეს ყველაფერი, მომცრო ელერონებთან ერთად, კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული.
ამერიკელებს და კანადელებს „შელბი GT350R-ის“ შეძენის საშუალება წელსვე მიეცემათ. მოგვიანებით კი ის სხვა ბაზრებზეც შევა.

No comments:

Post a Comment