დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 9, 2015

„ბენტლი“ უგზოობის მომცრო მოდელსაც გამოუშვებს

Bentley eyes up smaller SUV to follow full-size model
9 იანვარი
„ბენტლი“ მალე თავისი პირველი სერიული უგზოობის ავტომობილის წარმოებას დაიწყებს და როგორც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ვოლფგანგ დიურჰაიმერი აცხადებს, რომ მას მალევე მომცრო ქროსოვერიც მოჰყვება. ახალი ავტომობილების გამოშვებით კი, კომპანია მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს. ყოველ შემთხვევაში, როგორც დიურჰაიმერი ამბობს, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უგზოობის ავტომობილების ბაზარი, მთლიანად ავტობაზარზე სამჯერ სწრაფად იზრდება.
მანვე მისი კომპანიის გასული წლის გაყიდვების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბრიტანულმა კომპანიამ მთელს მსოფლიოში 11 020 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით მეტია. ამასთან, წარმოებული ავტომობილების 87.0 პროცენტი ექსპორტზე გავიდა. ანალიტიკოსები და მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ უგზოობის მოდელის გამოშვების შემდეგ, გაყიდვები დაახლოებით 3 000 ერთეულით გაიზრდება.
მაგრამ დიურჰაიმერი ამბობს, რომ ეს ვარაუდი ძალიან მოკრძალებულია, რადგან კომპანიას უგზოობის დიდი ავტომობილის შეძენის მსურველებისგან, უკვე 4 000-ზე მეტი გამოხმაურება აქვს მიღებული. არადა, მათ ჯერ ეს ავტომობილი თვალითაც არ უნახავთ. საერთო ჯამში, კომპანია ვარაუდობს, რომ 2020 წელს მისი გაყიდვების მოცულობა 20 000 ერთეულს მიაღწევს.
თავისი მიზნების მისაღწევად, „ბენტლი“ 280 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას გეგმავს. ამ თანხას კომპანია კვლევისა და განვითარების ახალი ცენტრის მშენებლობას და აღჭურვას მოახმარს, სადაც 300 კვალიფიციური ადამიანის დასაქმება იგეგმება. ამის შემდეგ, „ბენტლიში“ დასაქმებულთა რაოდენობა 1 300-ს მიაღწევს.
რაც შეეხება კომპანიის ისტორიაში უგზოობის პირველ ავტომობილს, დიურჰაიმერის თქმით, ის ტესტირების ბოლო ფაზას გადის. მან ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეო, რომელზეც W12 ძრავით აღჭურვილი ავტომობილის დუბაიში ტესტირების პროცესია ასახული. W12 ძრავის გარდა, ავტომობილი V8 ძრავით და პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაც აღიჭურვება.
ავტომობილის ჰიბრიდული ვერსია, მხოლოდ ელემენტების ბლოკში დაგროვილი ენერგიის ხარჯზე, დაახლოებით 48 კილომეტრს გადის, მისი განმუხტვის შემდეგ კი საქმეში შიდაწვის ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ჩაერთვება. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის მახასიათებლებზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. დიურჰაიმერი ამბობს, რომ ეს იქნება ძალიან მდიდრული და იმავდროულად, სწრაფი და ყველგანმავლის თვისებების მქონე ავტომობილი.

No comments:

Post a Comment