დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 25, 2015

ოჟიემ ტიტულის მეორე დაცვა მონტე კარლოში გამარჯვებით დაიწყო

Rallying-Ogier wins Monte Carlo to boost third world title bid
25 იანვარი
მარცხნიდან: სებასტიან ოჟიე, მონაკოს პრინცი ალბერ რენიე და ოჟიეს ნავიგატორი ჟულიან ინგრასია
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რალიში, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მან ზედიზედ მეორედ მოიგო მონტე კარლოს რალი და ასე შეუდგა თავისი ტიტულის დაცვის კამპანიას. თოვლიანსა და მოყინულ გზაზე, ოჟიემ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა ოთხდღიანი რბოლა და თავის უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელს ფინეთიდან, იარი-მატი ლატვალას თითქმის წუთით აჯობა. მესამე ადგილიც გერმანული კომპანიის გუნდის წევრმა, ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა დაიკავა.
ოჟიემ ლიდერობა მას შემდეგ იგდო ხელთ, რაც მანქან დაუზიანდა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებს, ვისაც მონტე კარლოს რალი ათჯერ(!) აქვს მოგებული. ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ მონტე კარლოში საასპარეზოდ, 15-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და თავიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა. მაგრამ მერვე სპეცმონაკვეთზე მანქანა მოუცურდა და უკანა მარცხენა ბორბლით ლოდს დაეჯახა, რამაც მის „სიტროენ DS 3-ს“ უკანა საკიდარი დაუზიანა.
ამის გამო, რბოლის წესების შესაბამისად, ლოებმა ჯარიმა დაიმსახურა და რალი2 კატეგორიაში გადაინაცვლა. თუმცა, ამის შემდეგაც, ტრასაზე ყველაზე სწრაფი იყო, რამდენიმე სპეცმონაკვეთი მოიგო და საბოლოოდ, ათეულში შეღწევა შეძლო. რა თქმა უნდა, ფრანგი გრანდი შედეგით გაწბილებული დარჩა, თუმცა როგორც ნარბოლევს განაცხადა, რბოლით დიდი სიამოვნება მიიღო.
„მონტე კარლოში გამარჯვება ყველა მრბოლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩემთვის კი ეს განსაკუთრებული რბოლაა. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი რბოლაა. ამინდის გამო, ის ძალიან რთულია. სამაგიეროდ, როცა იგებ, ორმაგ სიამოვნებას ღებულობ. ამ რბოლისას ყოველთვის ისეთი ატმოსფეროა შექმნილი, როგორსაც სხვაგან ვერსად გრძნობ. განსაკუთრებით კი ეს ჩემი მშობლიური სოფლის სიახლოვეს იგრძნობოდა“, - ამბობს ოჟიე, ვინც რბოლის ბოლო დღის წინ, უახლოეს მდევარს 43 წამს უგებდა, თუმცა სწორად შერჩეულმა საბურავებმა, უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცა.
საინტერესოა, რომ ლოების შემდეგ, ყველაზე მეტი, ოთხი სპეცმონაკვეთი, პოლონელმა რობერტ კუბიცამ მოიგო. მაგრამ ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი არასტაბილურობითაც გამოირჩეოდა. ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე კი მას მანქანაც დაუზიანდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მონტე კარლოს რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           3:36:40.200
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         +00:58.000
3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)       02:12.300
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                     02:43.600
5. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰუნდაი)                            03:12.100
6. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი)                       03:12.900
7. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                          05:23.700
8. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)             08:34.700
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            09:54.800
10. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                          10:55.600

No comments:

Post a Comment