New Ford Focus RS confirmed for production
24 დეკემბერი
„ფორდმა“ დაადასტურა, რომ მალე ბაზარზე მესამე თაობის
„ფოკუს RS-ს“ გამოუშვებს. ეს ავტომობილი არის იმ გეგმის შემადგენელი ნაწილი,
რომელიც 2020 წლამდე 12 ახალი ტემპერამენტიანი ავტომობილის წარმოებას ითვალისწინებს.
ყველა მათგანს ცისფერი ოვალის ახალი შტო - „ფორდ პერფორმენსი“ გამოუშვებს. ამერიკულმა
კომპანიამ ამ სახელის ქვეშ ახლახანს თავისი შიდაქარხნული ტუნინგ შტოები - „ტიმ RS-ი“,
„ფორდ SVT“ და „ფორდ რეისინგი“ გააერთიანა.
„ფორდ პერფორმენსი“ ქალაქ შარლოტაშია (შტატი ჩრდილოეთ
კაროლინა) ბაზირებული. მას დეივ პერიაკი უხელმძღვანელებს. „ფორდის“ წარმოების
განვითარების გლობალური შტოს შეფი რაჯ ნაირი ამბობს, რომ „ფორდ პერფორმენსის“
მიზანი ისეთი ავტომობილების წარმოებაა, რომლებსაც მომხმარებელი სატრეკო დღეებშიც
გამოიყენებს და ყოველდღიურადაც. რეორგანიზაციის და მსგავსი პროფილის შტოების ერთი სახელის
ქვეშ გაერთიანების მიზანი ისაა, რომ ახალი ავტომობილები და კომპონენტები მსოფლიო
ბაზარზე რაც შეიძლება, სწრაფად მოხვდეს.
ახალი „ფოკუს RS-ის“ შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი.
სავარაუდოდ, მისი პრემიერა დეტროიტის მოტორ შოუზე გაიმართება. ეს ისევ წინა
ამძრავიანი ავტომბილი იქნება, რომელიც მამოძრავებელ ძალას სერია ეკობუსტის
ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავისგან მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 330 ცხენის
ძალას მიაღწევს. ცნობისათვის, ამ ძრავს ცისფერი ოვალი უახლეს „მუსტანგზეც“ იყენებს.
იმის გამო, რომ ახლანდელი სტანდარტული „ფოკუსი“
მხოლოდ ხუთკარიანი ჰეჩბეკის სახით გამოდის, იყო ვარაუდი, რომ ამერიკული კომპანია
მის RS-ვერსიას არ გამოუშვებდა. მაგრამ ცისფერი ოვალის მარკეტოლოგებმა
გადაწყვიტეს, რომ „ფოკუს RS-ის“ გლობალურ ბაზარზე გატანა, მსოფლიო ბესტ სელერის გაყიდვებს
კიდევ უფრო გაზრდის. სხვათა შორის, ის ევროპულ ბაზარზე მალე ახალ „მუსტანგთან“
ერთად გამოჩნდება, სადაც ასევე „ფოკუს ST“ იყიდება. არსებობდა მოსაზრება, რომ
სამივე ავტომობილი შიდაკონკურენციას გამოიწვევდა. მაგრამ ჩატარებულმა გამოკვლევამ
აჩვენა, რომ სამივე სრულიად განსხვავებული ტიპის მყიდველს მიიზიდავს.
No comments:
Post a Comment