დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 2, 2014

ემერსონ ფიტიპალდის რბოლებში მონაწილეობას ისევ აპირებს

F1 legend Emerson Fittipaldi keen to race with Christian and Pietro
2 დეკემბერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა ემერსონ ფიტიპალდიმ ახლახანს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე იასპარეზა, რომელიც სან პაულუს ინტერლაგუშზე ჩატარდა. რბოლაში მან „AF კორსე ფერარის“ სარბოლი ავტომობილით მიიღო მონაწილეობა და ეს ისე მოეწონა, რომ განაცხადა, ეს ერთჯერადი დაბრუნება არ იყო და რბოლებში გამოსვლას ისევ ვაპირებო.
უფრო მეტიც, 67 წლის ფიტიპალდის, ვინც ფ1-ის ჩემპიონი 1972 და 1974 წლებში გახდა (შესაბამისად, ლოტუსის და მაკლარენის ბოლიდებით), სურს რომ მასთან ერთად, გამძლეობაზე რბოლებში შვილმა ქრისტიანმა და შვილიშვილმა პიეტრომაც იასპარეზონ. ოღონდ, ის ახლავე ამბობს, რომ ლე მანის 24-საათიან რბოლაში გამოსვლას კვლავაც არ გეგმავს.
„ეს არაა ჩემი ბოლო რბოლა. მე მიყვარს რბოლები და რატომ უნდა ვთქვა მათზე უარი? ჩემი ოცნებაა, პიეტროსა და ქრისტანთან ერთად გამოვიდე. ჩვენ გამძლეობაზე რბოლაში მივიღებთ მონაწილეობას შემდგომ სეზონში და ეს სახალისო იქნება“, - ამბობს ფ1-ის პირველი ბრაზილიელი ჩემპიონი, ვინც ყოველთვის თვლიდა, რომ ლე მანის რბოლა მეტისმეტად სახიფათოა: „ლე მანზე მაშინაც კი არ გამოვსულვარ, როცა ფ1-ში ვიყავი, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ძალიან სახიფათო რბოლაა“.
აღსანიშნავია, რომ 43 წლის ქრისტიან ფიტიპალდის, ვინც ერთ დროს თავადაც მონაწილეობდა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-ის სპორტული ავტომობილების ჩემპიონატი აქვს მოგებული, პიეტრო კი ამ სეზონში ფორმულა „რენოს“ ბრიტანული სერიის ჩემპიონი გახდა.
სხვათა შორის, ფიტის ერთხელ მაინც გადაუწყვეტია ლე მანზე გამოსვლა. ეს 1991 წელს იყო. წამოწყების ერთ-ერთი მოთავე „მერსედეს-ბენცი“ გახლდათ, რომელსაც თავის პარტნიორ „ზაუბერის“ ერთ-ერთი სარბოლი პროტოტიპით, CART-ის „სუპერ გუნდის“ გამოყვანა სურდა, რომელშიც ბრაზილიელთან ერთად, ფ1-ის 1978 წლის ჩემპიონი, ამერიკელი მარიო ანდრეტი და მისი შვილი, მაიკლ ანდრეტი იასპარეზებდნენ.

მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი გახდა CART ინდიქარის კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის პორტლენდის ეტაპიც, ზუსტად ლე მანის დროს დაინიშნა. „ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ შემდეგ რბოლები ერთმანთს დაემთხვა. ლე მანზე გამოსვლის პერსპექტივა არასდროს მხიბლავდა, მაგრამ შემდეგ მულსანის (სარტეს ტრეკის ლეგენდარული, ძალიან გრძელი სწორი მონაკვეთი) სწორზე მოსახვევები დაამატეს და მეც ამ რბოლაზე შეხედულება შევიცვალე“, - იხსენებს ფიტი.

No comments:

Post a Comment