დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 2, 2014

ჰამილტონის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება

Motor racing-Ten in Texas for Hamilton as Mercedes equal record
2 ნოემბერი
ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტულისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა - აშშ-ის დიდი პრიზი მოიგო და უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან უპირატესობა 24 ქულამდე გაზარდა. ეს მიმდინარე სეზონში მისი მეათე, კარიერაში კი 32-ე გამარჯვებაა, რითაც ის გამარჯვებათა მხრივ, ყველაზე წარმატებული ბრიტანელი პილოტი გახდა.
დარჩენილ ორ რბოლაში მაქსიმუმ 75 ქულის აღებაა შესაძლებელი, აქედან 50 ქულა აბუ დაბიში გამარჯვებისთვის იწერება. ეს კი იმას ნიშნავს, დანიელ რიკარდომ ტიტულის მოპოვების თეორიული შანსიც დაკარგა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი პილოტი - ჰამილტონი და როსბერგი შემორჩა. და იმასაც ნიშნავს, რომ რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ბოლოსწინა - ბრაზილიის ეტაპი, ჩემპიონის ვინაობას მაინც აბუ დაბიში შევიტყობთ.
როსბერგმა რბოლა პოულ პოზიციიდან აიღო და მწვანე შუქზეც იოლად შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია, რომელიც არც პირველი პიტსტოპის დაუკარგავს. მაგრამ 24-ე წრეზე, მე-12 მოსახვევში მეტისმეტად გვიან შევიდა, რითაც უმალ ისარგებლი ჰამილტონმა და მოსახვევში საკმაოდ იოლად, შიდა რადიუსით შეასწრო. თან ეს ისე გააკეთა, რომ მოსახვევიდან გამოსვლისას, როსბერგს ადგილი აღარ დარჩა და იძულებული გახდა, აჩქარება მყისიერი დაგვიანებით დაეწყო და ამიტომ, ვერც კონტრშეტევა შეძლო.
კვარცხლბეკზე სახელდახელო ინტერვიუსას, რომელიც ფორმულა ერთის 1978 წლის ჩემპიონმა, ამერიკელმა მარიო ანდრეტიმ აიღო, როსბერგმა განაცხადა, რომ კარგა ხანს რიტმიდან ამოვარდნილი იყო. საკუთარ რიტმს კი მხოლოდ ჰამილტონის დაწინაურების შემდეგ მიაგნო, თუმცა ვეღარაფერი მოახერხა. მათ ფინიშის ხაზი 4.3 წამის განსხვავებით გადაკვეთეს. ეს „მერსედესის“ პილოტების მეათე დუბლია, რითაც მათ „მაკლარენის“ ლეგენდარული პილოტების, აირტონ სენას და ალენ პროსტის მიღწევა - ერთ სეზონში (1988 წლის) 10 დუბლით გამარჯვება, გაიმეორეს. ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ „მაკლარენის“ ტანდემმა ეს 16 რბოლაში შეძლო, სამქიმიანებს კი ამისათვის 17 რბოლა დასჭირდათ.
ჰამილტონი მხოლოდ მესამე პილოტია და თანაც პირველი არა გერმანელი, ვინც ერთ სეზონში 10 რბოლის მოგება შეძლო. პირველს მსგავსი მიღწევა მიხაელ შუმახერს ჰქონდა, მეორეს კი - სებასტიან ფეტელს. ამასთან, ჰამილტონი მესამე ბრიტანელი მრბოლია (ჯიმ კლარკისა და ნაიჯელ მენსელის შემდეგ), ვინც ზედიზედ ხუთი რბოლის მოგება შეძლო. სხვათა შორის, ამერიკული რბოლა მან მეორედ მოიგო. სხვათა შორის, ეს იმ დღეს მოხდა, რომელიც მის კარიერაში ექვსი წლის წინათ ოქროს ასოებით ჩაიწერა - მაშინ ის ბრაზილიის რბოლის შემდეგ გახდა ჩემპიონი.
მესამე ადგილზე რიკარდ გავიდა, რომელმაც სტარტის ნიშანზე რეაგირება დააგვიანა, თუმცა შემდეგ რამდენიმე პილოტი ჩამოიტოვა. „უილიამსის“ ვალტერი ბოტასს და ფელიპე მასას კი შესაბამისად, პირველ და მეორე პიტსტოპზე გაასწრო. სხვათა შორის, ავსტრალიელს 16 ქულაღა სჭირდება იმისათვის, რომ ბოტასისთვის მიუწდომელი გახდეს. თუმცა, დარჩენილ ორ რბოლაში უქულოდაც რომ დარჩეს, ფინელი მას მაინც ვეღარც გაასწრებს. მის „რედ ბულსაც“ უკვე განაღდებული აქვს კონსტრუქტორებს შორის მეორე ადგილი, მესამისთვის კი „უილიამი“ და „ფერარი“ იბრძვიან. მასას და ბოტასის მეოთხე და მეხუთე ადგილების წყალობით, ბრიტანულმა საჯინიბომ მარანელოელებთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
კარგად იასპარეზა ოსტინის რბოლის შარშანდელმა გამარჯვებულმა სებასტიან ფეტელმა, ვინც რბოლა პიტლეინიდან (მეექვსე აგრეგატის გამოყენების გამო) დაიწყო და შუა რბოლაში ექვსეულში იყო. მაგრამ ფინიშამდე 7 წრით ადრე, მეოთხე პიტსტოპი შეასრულა და ტრასაზე რბილი საბურავებით დაბრუნებულმა, შვიდ მეტოქეს გაასწრო, რამაც მე-7 ადგილის დაკავების საშუალება მისცა. უსწრაფესი წრეც სწორედ მან დააფიქსირა.

აშშ-ის დიდი პრიზი
ოსტინი, დისტანცია 308.405 კმ (5.513 კმ, 56 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:40:04.785
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:04.314
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:25.560
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:26.924
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:30.992
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    01:35.231
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              01:35.734
8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         01:40.682
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              01:43.863
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        01:47.870
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1 წრე
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1 წრე
13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1 წრე
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
15. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            40 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      55 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                      56 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:41.379, 50-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 316 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 292; 3. დანიელ რიკარდო - 214; 4. ვალტერი ბოტასი - 155; 5. სებასტიან ფეტელი - 149; 6. ფერნანდო ალონსო - 149; 7. ჯენსონ ბატონი - 94; 8. ფელიპე მასა - 83; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 76; 10. კევინ მაგნუსენი - 53; 11. სერხიო პერესი - 47; 12. კიმი რაიკონენი - 47; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 23; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 8; 16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) - 2; 17. პასტორ მალდონადო - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 608 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 363; 3. უილიამს-მერსედესი - 238; 4. ფერარი - 196; 5. მაკლარენ-მერსედესი - 147; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 123; 7. ტორო როსო-რენო - 31; 8. ლოტუს-რენო - 9; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment