დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 21, 2014

კუბიცა ისევ ფ1-ში დაბრუნებაზე ფიქრობს

Surgery could put Kubica return back on track
21 ოქტომბერი
რობერტ კუბიცას ისევ აქვს იმის იმედი, რომ ფორმულა ერთს დაუბრუნდება. ამისათვის პირველ რიგში, მას ტრავმირებულ ხელზე კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება სჭირდება, რათა მაჯის, ხელის მტევნის და იდაყვის ფუნქციები სრულად აღიდგინოს. მხოლოდ ამ ოპერაციის შემდეგ გამოჩნდება, შეძლებს თუ არა პოლონელი მრბოლი დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებას.
კუბიცა ამჟამად რალის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს, მაგრამ კარგი შედეგებით ვერ დაიკვეხნის. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ფ1-ში დაბრუნება სურს და მართალია, რალისა და ტურინგის კლასის ავტომობილების მართვა არ უჭირს, მაგრამ ფორმულას კოკპიტში ხელისთვის, განსაკუთრებით კი იდაყვისთვის ძალიან შეზღუდული სივრცეა, რაც გარკვეული ტიპის ტრასებზე, სადაც ბევრი მოსახვევია, ბევრ პრობლემას შეუქმნის.
სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ კუბიცა აქამდე ფ1-ის მიღმაა. არადა, ცალკეული ტესტები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მაშინ ყველას ეგონა, რომ პოლონელი მალე დაბრუნდებოდა. უფრო მეტიც, 2011 წლის სეზონის წინ მომხდარ ავარიამდე, რომელშიც კუბიცა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, ბევრი მას „ფერარიში“ ფერნანდო ალონსოს მომავალ თანაგუნდელად მიიჩნევდა.
ბიბისისთან საუბრისას, ახლახანს კუბიცამ განაცხადა, რომ ამჟამად კიდევ ერთ ოპერაციაზე ფიქრობს, რომელმაც შესაძლოა, ფ1-ში დასაბრუნებლად გზა გაუხსნას. „როგორც კი სეზონი დასრულდება, მერე ყველაფერზე ვიფიქრებ. მკლავი და მტევანი წესრიგში მაქვს. მობილურობის მხრივ, გაუმჯობესება სახეზეა. შეზღუდვების მხრივაც იგივეს თქმა შემიძლია. კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება და მერე გამოჩნდება, რისი შესაძლებლობა იქნება. ფ1-ში დაბრუნებით, ოცნებას ავისრულებ, მაგრამ რეალობას არ უნდა მოვწყდე“, - ამბობს კუბიცა და დასძენს:
„თუ დაბრუნებას გადავწყვეტ, სეზონებს შორის ოპერაციის გაკეთება აუცილებლად მომიწევს. მერე კი, ექიმების დახმარებით და ცოტა იღბლის წყალობითაც, ეს შესაძლებელი იქნება“.

No comments:

Post a Comment