პირველად ტრეკზე ფორმულა ალფას კლასის მანქანებით
მოასპარეზე მრბოლები გავიდნენ. ამჯერად მათ შორის ერთი სტუმარიც იყო - გერმანელი
ჰარტმუტ ჰაიდიკე, რომელიც თავის ქვეყანაში, სოციალისტური ეპოქის სარბოლი
ავტომობილებით, ვეტერან მოყვარულთა რბოლებში ასპარეზობს და რაც მთავარია, ის
ქართველი მრბოლების მეგობარია.
ფორმულას კლასს დაუბრუნდა რუსთავის განახლებულ
ტრეკზე ჩატარებული პირველი სეზონის ჩემპიონი ნიკა ადეიშვილი, რომელსაც რიგი
მიზეზების გამო, ორი სეზონი გაუცდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტარტზე ორ
ათეულამდე პილოტმა მოიყარა თავი და მათ ყოველი პოზიციისთვის თავის დაუზოგავად
იბრძოლეს.მთავარი ბრძოლა კი მევლუდ მელაძესა და ადეიშვილს შორის გაიმართა. მათ
დასაწყისშივე რამდენჯერმე გაცვალეს პოზიციები, თუმცა შემდეგ მელაძე დაწინაურდა და
რბოლის მიწურულს ადეიშვილის შეტევების მიუხედავად, ფინიშის ხაზიც პირველმა
გადაკვეთა. მესამე ადგილზე 15 წლის სანდრო თავართქილაძე გავიდა.
ტურინგ ლაითის კლასში გამარჯვებისთვის ბრძოლა ძირითადად
გოგა გელაშვილსა და გიორგი კიკნაძეს შორის წარიმართა. თავიდან გელაშვილმა შეძლო დაწინაურება,
თუმცა კიკნაძემ მალე გაასწრო და ფინიშამდე წინ აღარავინ გაუშვია. გელაშვილს კი
დავით მენთეშაშვილი დაეწია და მეორე ადგილისთვის ებრძოლა, მაგრამ საწადელს ვერ
მიაღწია და მესამე ადგილს დასჯერდა.
ყველაზე საინტერესო რბოლა კი ისევ ლეგენდების კლასში გაიმართა. მართალია, მონაწილეთა რიგები ისევ შეთხელებულია, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძლა ისევ უშეღავათოა ხოლმე და ამჯერადაც ასე იყო. თავიდან გოგა არჯევანიძე და დავით კაკაბაძე დაწინაურდნენ, მათ კი კვალში შოთა აფხაზავა და კონსტანტინე კოლიაშვილი ჩაუდგნენ და მალევე ორივე ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლაში ჩაება. მეორე წრეზე, ხიდის მოსახვევამდე აფხაზავამ შეძლო დაწინაურება და მოულოდნელად, რატომღაც მარჯვნივ ძალიან მკვეთრად აიღო საჭე, ამ მხარეს კი არჯევანიძე მოძრაობდა, რომელიც იძლებული შეიქნა, თავადაც მარჯვნივ მიემართა მანქანა. აქ კი კოლიაშვილი დახვდა. არჯევანიძე და კოლიაშვილი ერთმანეთს დაეჯახნენ, შემდეგ კი კოლიაშვილს უკნიდან სანდრო ცხადაძე დაეჯახა. ბედად, სამივე ტრავმას გადაურჩა.
ამის შემდეგ, აფხაზავა დაწინაურდა, რომელსაც მალე დავით აფციაური და კაკაბაძე წამოეწიევნ, ცოტა ხანში კი მოწინავეთა რიგებში გამოჩნდა, რომელმაც სტარტი ბოლო ადგილიდან აიღო. ქაჯაიამ კვალიფიკაციაზე ჩასათვლელი წრის გავლა ავარიის გამო ვერ შეძლო, რომელიც მუხრუჭების „ჩავარდნის“ გამო შეემთხვა. შუა რბოლაში ქაჯაია დაწინაურდა კიდეც, შემდეგ წინ აფციაური გავიდა და ბოლო წრეზეც ლიდერი ის იყო, თუმცა ბოლოს აფხაზავამ მაინც შეძლო წინ გასვლა და ფინიშსაც პირველმა მიაღწია. მეორეზე ქაჯაია გავიდა, აფციაური კი მესამე ადგილს დასჯერდა.
No comments:
Post a Comment