დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 3, 2014

„ფორდის“ საუკეთესო ამერიკული აგვისტო 2004 წლის შემდეგ

Ford Announces Best August Sales Since 2004
3 სექტემბერი
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ აგვისტოში ამერიკის ბაზარზე 222 174 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელი აგვისტოს გაყიდვებთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტია. უფრო მეტიც, ეს კომპანიისთვის ბოლო 8 წელიწადში აგვისტოს საუკეთესო მაჩვენებელია ამერიკის ბაზარზე. გარდა ამისა, იანვარ-აგვისტოს პერიოდში, პრემიუმ ბრენდ „ლინკოლნის“ გაყიდვებიც კი 13.4 პროცენტით გაიზარდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
ცისფერი ოვალის ამერიკის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი ჯონ ფელიჩე ამბობს, რომ ყველაზე კარგად „ისკეიპი“ და „ფიუჟნი“ იყიდება, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, საუკეთესო გაყიდვებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული ისევ F-სერიის პიკაპებია, რომელსაც ამერიკის ბაზარზე, კომპანიის გამაში ყველაზე მეტი მუშტარი ჰყავს. მისი გაყიდვები ისევ 60 000-ს გასცდა, რითაც ისევ ყველაზე გაყიდვადი პიკაპია აშშ-ის ბაზარზე.
F-სერიის შემდეგ, ცისფერი ოვალის გამაში საუკეთესო გაყიდვებით სედანი „ფიუჟნი“ გამოირჩევა. ის 29 452 ცალი გაიყიდა, რაც 19-პროცენტიანი ზრდაა. როგორც „ფორდი“ გვაუწყებს, „ფიუჟნის“ საცალო გაყიდვები პრაქტიკულად ყველა რეგიონში გაიზარდა. ყველაზე მეტად კი ის პოპულარული დასავლეთშია. შემდეგ მოდის უგზოობის „ისკეიპი“, რომელიც 28 996 ცალი გაიყიდა (ზრდა 9 პროცენტი).
17 748 ცალი გაიყიდა „ფორდ ექსპლორერი“, რომლის გაყდვების ზრდამაც 25 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ეს ბოლო ათ წელიწადში მისი საუკეთესო შედეგია. ამ მაჩვენებლით, ის შეიძლება ამერიკის ბაზარზე ყველაზე პოპულარული საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილი ზედიზედ მეოთხედ გახდეს. რაც შეეხება F-სერიას, მისი გაყიდვების ზუსტი მაჩვენებელია 68 109 და ეს ზედიზედ მეექვსე თვეა, რაც მისი გაყისდვები 60 000-ს სჭარბობს. დაბოლოს, „ლინკოლნის“ შესახებ. მის გამაში ყველაზე პოპულარული, უგზოობის MKC-ა, რომელიც 1 760 გაიყიდა.

No comments:

Post a Comment