დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 2, 2014

„ჰონდას“ ფ1-ში დაბრუნებისთანავე გამარჯვება სწყურია

Honda targeting wins for McLaren return
2 აგვისტო
„ჰონდა“ ფორმულა ერთში დაბრუნებისთანავე გამარჯვებებს გეგმავს. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანია, როგორც ძრავების მიმწოდებელი, ფორმულა ერთს მომავალი სეზონიდან დაუბრუნდება და ძრავებით თავის ძველ პარტნიორ „მაკლარენს“ მოამარაგებს.
„ჩვენ ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ, მთავარი დაბრუნებაა და ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ახლა სულ სხვა როლში ვიქნებით. ადრინდელთან შედარებაც არ შეიძლება. მთავარი ისაა, რომ საკუთარი შასის გაკეთება აღარ მოგვიწევს“, - „სპიდ უიკთან“ საუბრისას ამბობს „ფონდას“ ფ1-ის შეფი იასუჰისა არაი.

კითხვაზე, რა არის მისი ორგანიზაციის მიზანი პირველივე სეზონში, არაი პასუხობს: „მოვიგოთ დიდი პრიზები მაკლარენთან ერთად! ესაა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც დაბრუნება გადავწყვიტეთ. ჩვენ გვინდა, ახალი ისტორია შევქმნათ. ჩვენ ველით, რომ ყოველ რბოლაში ქულებს ავიღებთ. და რა თქმა უნდა, გამარჯვებებს ველით“.
„ჰონდას“ სურს, იმდროინდელი (1980-90-იანი წლების) მიღწევები გაიმეოროს, როცა „მაკლარენთან“ (მანამდე უილიამსთან ერთადაც) ერთად, თითქმის ყველა რბოლას იგებდა და ზედიზედ ოთხ ტიტულს დაეუფლა. განსაკუთრებით გამორჩეული სეზონი კი 1988 წელს ჩაატარა, რომელშიც ალენ პროსტამ და აირტონ სენამ 16-დან 15 რბოლა მოიგეს.
არაი ამბობს, რომ ფორმულა 1-ში „ჰონდას“ დაბრუნების მთავარი მიზეზი, ახალ, ნახევრად ჰიბრიდულ აგრეგატებზე გადასვლა გახდა, რომლის მთავარი ნაწილიც, პატარა ტურბო ძრავია და რომელშიც ენერგიის აღდგენის ორი ტიპის სისტემა მუშაობს. „ეს ჩვენთვის და ჩვენი ინჟინრებისთვის უზარმაზარი გამოწვევაა, რაც ავტო ინდუსტრიის წინსვლის რეალურ საშუალებასაც წარმოადგენს. და ეს არაა ცალმხრივი დამოკიდებულება, რადგან მოგებული ფორმულა ერთიც დარჩება, რადგან მასში ჩვენისთანა გამოცდილი მონაწილე დაბრუნდება.
არაიმ ასევე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ პირველად ძრავის ტესტები, „მაკლარენის“ ახლანდელი ბოლიდის მოდიფიცირებულ ვარიანტზე ჩატარდება. მან განაცხადა, რომ ძრავის პირველი საგზაო ტესტები მომავალ წელს, ხერესის ტრეკზე გაიმართება.
არაის ახლანდელი ძრავების ბარიტონზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც ასე უპასუხა: „ძრავის ხმა ინჟინრებისთვის მთავარი არაა. მაგრამ თუ ფანებს მეტად ხმაურიანი ძრავები სურთ, მაშინ ამის იგნორირება არ შეიძლება“.

No comments:

Post a Comment