დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 12, 2014

„ფორდმა“ ჩინეთში გაყიდვები 35 პროცენტით გაზარდა

Ford China Posts 35 Percent Sales Increase in the First Half of 2014
12 ივლისი
„ფორდმა“ მსოფლიოს უდიდეს, ჩინეთის ბაზარზე, პირველ ექვს თვეში 549 256  ახალი ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 პროცენტით მეტია. მარტო ივნისში გაყიდვებმა 87 783 ავტომობილი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.
„ჩანგან ფორდმა“, ამერიკული კომპანიის ჩინურმა ერთობლივმა კომპანიამ, რეკორდულად ბევრი, 397 958 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ექვს თვეში გაყიდულ 286 433 ავტომობილზე 39 პროცენტით მეტია. „ჩანგან ფორდს“ რეკორდული გაყიდვები ივნისშიც აქვს - 67 187 ავტომობილი, რაც 23 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელია.
70 პროცენტით არის გაზრდილი „ფორდ ჩაინას“ მიერ იმპორტირებული ავტომობილების რიცხვი. სულ ასეთი 18 360 ავტომობილი გაიყიდა. მათ შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით „ეჯი“, „ექსპლორერი“, „ფიესტა ST“ და „ფოკუს ST“ სარგებლობს. უნდა ითქვას, რომ ცისფერი ოვალი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და ამის ნიშნად, ახლახანს ცისქვეშეთში მარტო ერთ დღეში, 88 ახალი სადილერო წერტილი გახსნა. გაიზრდება ადგილობრივი წარმოებაც, რასაც „ჩანგან ფორდის“ მიერ გახსნილი ახალი სატრანსმისიო ქარხანაც შეუწყობს ხელს. მასში ამერიკულმა კომპანიამ და მისმა ჩინელმა პარტნიორმა 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
მაღალი ტემპით იზრდება ამერიკული კომპანიის კომერციული ავტომობილების გაყიდვებიც. პირველ ექვს თვეში ასეთი სულ 132 938 ავტომობილი არის გაყიდული, ანუ ზრდა 21 პროცენტია. ივნისში 19 012 ცალი კომერციული ავტომობილია გაყიდული, რაც წინა წლის ივნისის გაყიდვებზე 19 პროცენტით მეტია.
„წლის პირველ ნახევარში „ფორდის“ კარგი გაყიდვები კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენს ზრდას ჩინურ ბაზარზე, რაც ჩვენი გეგმის შესაბამისად ხდება. ჩვენ ვაგრძელებთ სადილერო ქსელის გაფართოებას, წარმოების ზრდას და ჩვენს ქარხნებში კარგი სპეციალისტების აყვანას. ამ ყველაფრის შედეგი კი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეკონომიური ავტომობილებია, რომლებიც საზრიანი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, როგორებსაც ჩინელი მომხმარებლები მოითხოვენ“, - ამბობს „ფორდ ჩაინას“ მთავარი აღმასრულებელი ჯონ ლოულერი.

No comments:

Post a Comment