დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 2, 2014

„მაზერატი“ ახალი სპორტული ავტომობილის გამოშვებას აპირებს

Maserati said to weigh new sports car after orders triple
2 მაისი
იტალიურ კომპანიას საქმე ძალიან კარგად მისდის - შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები სამჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, „მაზერატის“ შეფი ჰარალდ ვესტერი ამბობს, რომ მისი კომპანია თვეში 3 500 შეკვეთას ღებულობს, რაც ნიშნავს, რომ წელს შეკვეთების რაოდენობა 42 000 ერთეულს მიაღწევს. შედარებისთვის, შარშან გაყიდვებმა 15 400 ავტომობილი შეადგინა.
„ფიატ კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე მალე გამოაქვეყნებს ახალ ბიზნეს გეგმას, რომელიც მთლიანად ჯგუფს და მის ცალკეულ ბრენდებსაც შეეხება. ამ გეგმის მიხედვით, „მაზერატი“ ახალ სპორტულ ავტომობილს გამოუშვებს, რომელიც უმაღლეს საფასო სეგმენტში მოხვდება და რაც მთავარია, ჟენევის მოტორ შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური „ალფიერის“ (ფოტოზე) სერიული ვერსია იქნება.
მაგრამ „მაზერატის“ პირველი სრულიად ახალი ავტომობილი, უგზოობის „ლევანტე“ გახდება, რომელიც გამოცემა „ავტომოტივ ნუს იუროპის“ ინფორმაციით, ბაზარზე 2015 წელს გამოვა. და მალევე მას კუპე „ალფიერიც“ მოჰყვება, რომელიც კონკურენციას „პორშე 911 კუპეს“ და „იაგუარ F-ტაიპს“ გაუწევს. ბუნბრივია, ორი მოდელის, განსაკუთრებით კი „ლევანტეს“ წარმოების დაწყებით, მაქსიმალურად დაიტვირთება ტურინის მახლობლად მდებარე გრულიასკოს ქარხანა, რომელსაც მესამე ცვლასაც დაუმატებენ. ამჟამად, ქარხანა ძლივს ახერხებს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რისთვისაც უქმე დღეებშიც უწევს მუშაობა.
ცნობისათვის, ამჟამად „მაზერატის“ საწარმოო პროგრამაში მხოლოდ ორი ავტომობილი - „გიბლი“ (66 900 დოლარი ღირს) და „კვატროპორტე“ (102 500 დოლარი) შედის. ორივეს წარმოება შარშან დაიწყო. გრულიასკოს ქარხანა დღეში 140 ავტომობილს აწარმოებს. ვესტერის თქმით, „ქარხანა შვეიცარიული საათივით მუშაობს“.
მარკიონეს გეგმის მიხედვით, „მაზერატიმ“ კონკურენცია გერმანული პრემიუმ კომპანიების ყველაზე ძვირ ავტომობილებს უნდა გაუწიოს. უფრო დაბალ დონეზე კი გერმანელებს კონკურენციას „ალფა რომეო“ გაუწევს. იტალიურმა კომპანიამ ამის გაკეთება უკვე დაიწყო ამერიკაში, სადაც მყიდველს წარუდგინეს, როგორც „ბეემვეს“ და „აუდის“ იტალიური ალტერნატივა. და როგორც მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ანდრეა ბოარეტო ამბობს, ეს მესიჯი კარგად მუშაობს იმ ამერიკელებზე, ვისაც სურს არაგერმანული პრემიუმ ავტომობილი, ოღონდ გერმანული ხარისხით.

No comments:

Post a Comment