დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 9, 2014

სიმონა დე სილვესტრო ფ1-ში დებიუტს მერმისს გეგმავს

Simona de Silvestro chasing 2015 F1 race drive with Sauber
9 მაისი
შვეიცარიელი მრბოლი სიმონა დე სილვესტრო იმედოვნებს, რომ „ზაუბერთან“ ტესტირების შემდეგ, წინ გადადგმული ნაბიჯი, მომავალ სეზონში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ადგილის მოპოვება იქნება. ამის შესახებ მან ესპანეთის დიდი პრიზის პირველ დღეს, ბარსელონას ტრეკზე ყოფნისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, შვეიცარიელ ქალ მრბოლს, ვინც ადრე ინდიქარ-ში ასპარეზობდა, „ზაუბერთან“ აქვს კონტრაქტი. ახლახანს მას საშუალება ჰქონდა, ფიორანოს ტრეკზე, რომელიც „ფერარის“ ეკუთვნის, ორი წლის წინანდელი „ზაუბერ C31“ გამოეცადა. ივნისის ბოლოს კი ვალენსიას ტრეკზე, კიდევ ერთხელ მიიღებს ტესტებში მონაწილეობას.
„ჩემი მიზანი, შემდეგ სეზონში რბოლებში მონაწილეობაა. წინ ჯერ გრძელი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებ და სისწრაფეს გამოვავლენ, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომაც არ უნდა მოხდეს ასე. ის სპონსორები, რომლებმაც C31-ით ტესტების საშუალება მომცეს, ჩემთან 2008 წლიდან არიან, როცა სუფთა ენერგიის კამპანიაში ჩავერთე. მათ იციან, რომ ჩემი მიზანი, ფ1-ია და ისინი ყველანაირად მეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში“, - ამბობს დე სილვესტრო.
შვეიცარიელ მრბოლს გასულ სეზონში, ინდიქარ-ის ჰიუსტონის დდ პრიზზე მეორე ადგილი აქვს დაკავებული. მართალია, მაღალი კლასის ღიაბორბლიანი ბოლიდებით რბოლებში მონაწილეობის სოლიდური გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ჯერაც არ მიუღია სუპერ ლიცენზია, რაც „ზაუბერის“ მანქანით, დიდი პრიზების პრაქტიკებში მონაწილეობის უფლებას მიანიჭებდა. თუმცა იმედოვნებს, რომ ამ უფლებასაც მალე მოიპოვებს.
„ჯერჯერობით, ყველა დასახულ მიზანს ვაღწევ. და იმედია, მალე სუპერ ლიცენზიასაც მივიღებ. ეს რეალურია“, - ამბობს დე სილვესტრო, ვინც სხვა სერიებში ასპარეზობაზე შეგნებულად თქვა უარი, რათა მთლიანად ფ1-ზე გადაეტანა ყურადღება. სიმონა ამბობს, რომ გარისკა, როცა ამერიკაში აწყობილ კარიერაზე უარი თქვა. მაგრამ დასძენს, რომ ფ1-ზე პატარაობიდან ოცნებობს და მის ასასრულებლად ყველაფერზე წავა. „ასეთი შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგეცეს და ის აუცილებლად უნდა მიიღო. მე არ ვფიქრობ იმაზე, რომ ახლა რბოლებში ვერ ვმონაწილეობ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო, რათა სარბოლო მანქანის მართვის უფლება მივიღო“, - დასძენს დე სილვესტრო.

No comments:

Post a Comment