დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 22, 2014

კონცეპტი „დისქავერი ვიჟნ“ - „რეინჯ როვერის“ სტილში

New Land Rover Discovery Vision Concept Looking all Range Rovery in NY
22 აპრილი
„ლენდ როვერის“ უახლესი კონცეპტუალური „დისქავერი ვიჟნ“, რომლის პრემიერაც ახლახანს, ნიუ იორკის მოტორ შოუზე შედგა, მოდელ „დისქავერის“ და მისი ოჯახის ავტომობილების მომავალ სტილს გვიჩვენებს. ერთი შეხედვით, თავისი გარეგნობით, კონცეპტი უფრო მაღალი კლასის „რეინჯ როვერის“ ოჯახთან ნათესაობაზე ნიგვანიშნებს. თუმცა, სტილი სრულიად ინდივიდუალური აქვს. დასვენება „დისქავერის“ ოჯახის მთავარი მიმართულებაა, რაც მას პრემიუმ სეგმენტთან აახლოებს.

ახალ ოჯახში სამი, ან ოთხი ავტომობილი შევა. მათგან ერთი საკუთრივ „დისქავერი“ იქნება, მეორე - „ფრილენდერის“ შემცვლელი, რომელსაც „დისქავერი სპორტის“ სახელით გამოუშვებენ. ამათგან პირველი სწორედ „დისქავერი სპორტი“ გამოვა (მომავალ წელს). როგორც კონცეპტ „დისქავერი ვიჟნის“ სტილი გვიჩვენებს, ახალი „დისქავერის“ პოზიცია ლუქსთან მიახლოებული იქნება და მასზეც აქცენტს კომფორტზე გააკეთებენ.
რაც მთავარია, კონცეპტუალურ ავტომობილთან ერთად, ბრიტანულმა კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიებიც გაგვაცნო, რომლებსაც არამხოლოდ ახალ „დისქავერიზე“ და მისი ოჯახის ავტომობილებზე, არამედ „რეინჯ როვერსა“ და ახალ „დიფენდერზეც“ გამოიყენებენ.
მათ შორისაა „ტერეინ რესპონს სისტემ“ (რელიეფზე რეაგირების სისტემა), რომელშიც გაერთიანებულია „რიმოუტ კონტროლ სისტემა“ (შორიდან მართვის სისტემა), „ლაზერ ტერეინ სკანინგ“ (რელიეფის ლაზერით სკანირების) და „ტრანსპარენტ ბონეტ“ (გამჭვირვალე კაპოტი). გარდა ამისა, მყიდველს სავარძლების ახალ სისტემებსაც შესთავაზებენ, რომლებიც სალონის მრავალი კონფიგურაციით მოწყობა იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, კონცეპტი აღჭურვილია ლაზერული ფარებით, რომლებიც შუქდიოდურზე გაცილებით ეფექტურადაც ანათებს და უფრო ბევრი ფუნქციის შესრულებაც შეუძლია, მათ შორის, რელიეფის სკანირებისა, რა შემთხვევაშიც, მისგან მიღებულ ინფორმაციას, ზემოთ ნახსენები სისტემები გამოიყენებს. მიღებული გამოსახულების გამოტანა (რელიეფის ციფრული რუქის სახით) ინფოტაინმენტ ეკრანზეა შესაძლებელი, რაც რთულ პირობებში მანევრირებისას დაგეხმარებათ.
დისტანციურად მართვის განხორციელება ტაბლეტის დახმარებით შეიძლება. სპეციალური აპლიკაციის ჩართვის შემდეგ, ტაბლეტზე მიიღებთ საჭის რგოლის გამოსახულებას, რომლის მართვაც ტაბლეტის ეკრანზე თითის მოძრაობით შეგიძიათ. ოღონდ, ამ დროს ავტომობილი დაბალი სიჩქარით უნდა მოძრაობდეს. მაგალითად, ძალიან ცუდ გზაზე გადაადგილებისას, გადმოხვალთ მანქანიდან და ისე, რომ კარგად გაარჩევთ მის წინ არსებულ სიტუაციას, შორიდან მართავთ, რათა ყველაზე ოპტიმალური ტრაექტორიით ზუსტად გაატაროთ.

გამჭვირვალე კაპოტი კი უკვე გაგაცანით. თუმცა, ეს სიახლე მასზე კიდევ ერთხელ გაჩერებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, კაპოტი არაა გამჭვირვალე და ასეთიც რომ იყოს, მის ქვეშ არსებულ გზას მაინც ვერ დაინახავთ, რადგან ამის საშუალებას ძრავი და სხვა მოწყობილობა არ მოგცემთ. გამჭვირვალე კაპოტის ეფექტს, რადიატორის არეში განლაგებული ვიდეოკამერების მიერ გადაღებული ვიდეო გამოსახულებები შექმნის, რომლებსაც ელექტრონიკა თავს მოუყრის და კომბინირებულ გამოსახულებას, საქარე შუშის უკან, საპროექციო ეკრანზე გამოიტანს.

კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4950 მილიმეტრი, სიგანე 2006 მილიმეტრი, სიმაღლე 1858 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2922 მილიმეტრია. ამგვარად, ის ახლანდელ „დისქავერიზე“ გრძელი (112 მილიმეტრით), ვიწრო (16 მილიმეტრით) და მაღალია (17 მილიმეტრით). დაგრძელებულია ბაზაც (37 მილიმეტრით). კონცეპტს აქვს კართა ორიგინალური სისტემა - წინა და უკანა კარები საპირისპირო მიმართულებით იღება და აქედან გამომდინარე, ძარას არ აქვს შუა საყრდენი. გარდა ამისა, ავტომობილს პანორამული სახურავი აქვს, რომელიც ღია ავტომობილით მგზავრობის შთაბეჭდილებას შეგიქმნით.
დაბოლოს, ნიუ იორკის შოუს გახსნამდე, „ლენდ როვერმა“ ავიამზიდ „ენტერპრაისზე“ კონცეპტუალური ავტომობილის წინასწარი ჩვენება მოაწყო, სადაც „დისქავერი ვიჟნს“ გვერდს კომპანია „ვირჯინ გალაქტიკის“ სუბორბიტული კოსმომფრენი „სპეისშიპთუ“ უმშვენებდა, რომლითაც „ვირჯინ გალაქტიკი“ მალე ტურისტული ფრენების შესრულებას დაიწყებს. იქვე გამოცხადდა, რომ „ლენდ როვერი“ და „ვირჯინ გალაქტიკი“ პარტნიორები ხდებიან. კერძოდ, ბრიტანული კომპანიის ავტომობილს კოსმოსური კომპანია (ბრიტანულ-ამერიკული) თავის მოხავეს (შტატი კალიფორნია და ნევადა) ბაზაზე და კოსმოპორტ „ამერიკაზე“ (შტატი ნიუ მექსიკო) გამოიყენებს. „ლენდ როვერის“ ავტომობილით ივლიან „ვირჯინ გალაქტიკის“ თანამშრომლები და კომპანიის ის კლიენტები, რომლებსაც ტურისტული ფრენის შესრულებამდე, სპეციალური მომზადების გავლა მოუწევთ.

No comments:

Post a Comment