დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 12, 2014

„ტოიოტაში“ „ღმერთები“ ბრუნდებიან

Toyota Replacing Some Factory Robots With Humans To Increase Quality
12 აპრილი
„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ მოწინავე კომპანიაა ავტომობილების წარმოებისას რობოტების გამოყენების მხრივ. სწორედ რობოტების წყალობით, იაპონურმა კომპანიამ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის წოდება მოიპოვა და ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რობოტები რიგ შემთხვევაში, პროდუქციის ხარისხის გაუარესების მიზეზებიც ყოფილან.
ავტომობილების წარმოებისას რობოტების გამოყენებას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს და  უარყოფითიც. მთავარი უპირატესობა, სწრაფი წარმოებაა. რობოტი გაცილებით ზუსტად ასრულებს მაგალითად, წერტილოვან შედუღებებს. მაგრამ არსებობს საქმეები, თუნდაც ნაკლებად ტექნოლოგიური, რომლებშიც ადამიანი ჯერაც შეუცვლელია.
მილიონობით ავტომობილის უფასო რემონტზე გახმობა, სწორედ იმის პირდაპირი შედეგია, რომ „ტოიოტა“ წარმოების მოცულობის გაზრდას და ამის წყალობით, მსოფლიო ლიდერობას დაეწაფა. და ამ დროს, ხარისხის გაკონტროლებამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. ახლახანს, ერთ-ერთი ამგვარი პრობლემის გამო, იაპონურ კომპანიას ამერიკის მთავრობისთვის 1.2 მილიარდი დოლარის გადახდამ მოუწია.
და შექმნილი მდგომარეობის კარგად გაანალიზების შემდეგ, „ტოიოტაში“ გადაწყვიტეს, რომ რობოტებს ზედმეტად ენდვნენ და ადამიანის ფაქტორი უსამართლოდ მოაქციეს უემოციო მანქანების ჩრდილში. მოკლედ, „ტოიოტამ“ გადაწყვიტა, რომ ავტომობილის ხარისხის შემოწმება ისევ ადამიანს უნდა მიანდოს. კერძოდ, კომპანიამ აღიარა, რომ გამოცდილების მქონე ტექნიკური პერსონალი ესაჭიროება, რათა საწარმოო ხაზების ეფექტურობა გაიზარდოს და წარმოების პროცესი დაიხვეწოს. ასეთ ოსტატებს „ტოიოტას“ ქარხნებში „ღმერთებს“ უწოდებენ, რისი საბაბიც მათი გამორჩეული თვისებებია.
„ჩვენ გვინდა, რომ მეტ სოლიდურობას მივაღწიოთ და წარმოების ბაზისს დავუბრუნდეთ. ხელით შრომის საფუძვლები თავიდან უნდა ავითვისოთ და დავხვეწოთ. როცა მე ახალბედა ვიყავი, ოსტატებს ღმერთებს ვეძახდით, რადგან მათ ყველაფერი შეეძლოთ. არ შეიძლება, ყველაფერში მანქანაზე იყო დამოკიდებული. მას ხომ მხოლოდ ერთიდაიგივეს გამეორება შეუძლია. გამოცდილ ადამიანს კი გაცილებით მეტი შეუძია. მას აქვს ცოდნა და უნარი, რომ მანქანასაც კი ასწავლოს“, - ამბობს „ტოიოტას“ ვეტერანი თანამშრომელი მიცურუ კავაი, ვინც ახალი (ჰუმანიზაციის) პროგრამის ხელმძღვანელია.
„ღმერთების“ დაბრუნების გარდა, „ტოიოტას“ მთავარმა აღმასრულებელმა აკიო ტოიოდამ ახალი სტრატეგიაც შეიმუშავა, რომელიც აქცენტს არა წარმოების მოცულობის გაზრდაზე, არამედ ავტომობილების ხარისხის გაუმჯობესებასა და მართვის დახვეწაზე გააკეთებს.

No comments:

Post a Comment