დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 20, 2014

„ბეემვე“ ელექტრომობილების გაყიდვებს 100 000-მდე გაზრდის

BMW Wants to Sell 100,000 i Cars a Year by 2020
20 მარტი
„ბეემვეს“ მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა ნორბერტ რაიტჰოფერმა თავისი კომპანიის გეგმები და მიზნები გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მიზანი საკმაოდ ამბიციურია - ბავარიელები იმედოვნებენ, რომ 2020 წლისთვის მათი უახლესი ბრენდის, i-ს გაყიდვები 100 000-მდე უნდა გაიზარდოს.
თუ „ბეემვე“ ამ მიზანს მიაღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა 100 გრამის ფარგლებში იქნება. ეს კი იმის ნახევარია, რასაც ამ კომპანიის ავტომობილები 1990-იან წლებში გამოჰყოფდნენ. კერძოდ, 1995 წელს ნახშირორჟანგის შემცველობა საშუალოდ 210 გრამი იყო, შარშან კი ეს მაჩვენებელი 133 გრამამდე შემცირდა. გერმანული კომპანია იმედოვნებს, რომ 2020 წლისთვის მისი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა 105 გრამზე ჩამოვა.
მაგრამ ესეც არაა საკმარისი, რადგან მალე ევრო რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრ მოთხოვნებს წამოაყენებს. კერძოდ, ევრო6 სტანდარტით, 2021 წლისთვის გამონაბოლქვში CO2-ის საშუალო შემცველობა მაქსიმუმ 95 გრამი უნდა იყოს. ეს მაინც იმაზე ნაკლებია, რის მიღწევასაც რაიტჰოფერი 2020 წლისთვის გეგმავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, რაიტჰოფერის მიერ დასახული მიზანი - i ბრენდის 100 000 ავტომობილის გაყიდვა, რეალურ საფუძველს ეყრდნობა. ეს საფუძველია i3-სა და i8-ზე დაფიქსირებული მოსალოდნელზე მეტი მოთხოვნა. კერძოდ, გერმანულ კომპანიოას ელექტრულ ჰეჩბეკზე უკვე 11 000 შეკვეთა აქვს მიღებული, თანაც ამ რიცხვში მხოლოდ ევროპული ბაზრის მონაცემებია ასახული. ამის გამო, ბავარიელები ორივე ავტომობილის წარმოების გაზრდაზე უკვე ფიქრობენ.
„ბეემვეს“ ბრენდის მარკეტინგის და გაყიდვების შეფი იან რობერტსონი ხაზს უსვამს, რომ i3-ზე ამერიკაში შეკვეთების მიღება ჯერ დაწყებულიც არ არის. არადა, შტატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრომობილების უდიდესი ბაზარია. ასევე არ დაწყებულა შეკვეთების მიღება ჩინეთში, სადაც დიდ ქალაქებში ჯერჯერობით ამაოდ ებრძვიან სმოგს და გამონაბოლქვს.

No comments:

Post a Comment