დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 23, 2014

„უილიამს FW36“ - ფ1-ის „ჭიანჭველაჭამია“

First image of Williams FW36 reveals ‘anteater’ nose
23 იანვარი
სწორედ ამ მეტსახელით მონათლეს მიმომხილველებმა „უილიამსის“ ახალი სარბოლი ავტომობილი FW36, რომლითაც ბრიტანული გუნდი 2014 წლის სეზნში იასპარეზებს. ამის მიზეზი კი მანქანის დამახასიათებელი ცხვირია, რომელიც სწორედ ამ უცნაური ცხოველის ცხვირს მოგაგონებთ. „უილიამსი“ ფ1-ის მეორე გუნდია, რომელმაც თავისი ახალი მანქანის გარეგნობა გვიჩვენა. ოღონდ, „ფორს ინდიასგან“ განსხვავებით, თავისი ქმნილების ცხვირი არ დაუმალავს.
FW36-ის მთავარი გარეგნული დამახასიათებელი სწორედ ცხვირის ნაწილია, რომელიც აშკარად ამოვარდინილია მანქანის აეროდინამიკური სტრუქტურიდან და მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის რეგლამენტისთვის გაწეული ხარკია. და „უილიამსი“ ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც მსგავსი ცხვირი იქნება. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ახალ სეზონში ფ1-ში ბევრ ჭიანჭველაჭამიას ვიხილავთ.
ეს „უილიამსის“ პირველი მანქანაა, რომელიც „მერსედესის“ ძრავით აღიჭურვა. გუნდის ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი ამბობს, რომ სამქიმიანებთან პარტნიორობით კმაყოფილია. კიდევ ერთი თვალში საცემი სიახლეა რადიატორების ჰაერის ამღებთა გაზრდილი ჭრილები. ამის მიზეზი ისაა, რომ ტურბო ძრავები გაცილებით ინტენსიურ გაგრილებას მოითხოვს. ამასთან, ძრავის წყლის და ზეთის გარდა, ამიერიდან გაგრილება ტურბო სისტემას და ენერგიის აღდგენის სისტემასაც დასჭირდება.
ახალი აგრეგატები ტექნოლოგიურად ძალიან დახვეწილია. ტურბო ძრავებს ფ1-ში ადრეც ვიყენებდით, მაგრამ ამჯერად ჩვენ უბრალოდ ძრავებთან არ გვაქვს საქმე. ეს სრულიად განსხვავებული და მრავალფუნქციური სისტემებია, რომელთა გამოც, მანქანის პროექტირების ყველა ეტაპი, სრულიად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებდა. აქამდე ოდნავ ჰიბრიდიზებულ ატმოსფერულ ძრავებთან გვქონდა საქმე, ამჯერად კი ჰიბრიდული სისტემები აგრეგატის სტრუქტურაშია ინტეგრირებული და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამას კი უახლესი ტექნოლოგიების შემუშავება სჭირდებოდა“, - ამბობს სიმონდსი.
ის დასძენს, რომ მანქანის შემუშავების პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, თუმცა სერიოზული გამოწვევა იყო წონის ლიმიტის დაცვა. მისი თქმით, ლიმიტის მიღწევა ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა ეს ძალიან ძნელია, რადგან ახალი აგრეგატი V8 ძრავებზე მძიმეა. სიმონდსი ასევე ამბობს, რომ ძრავების რეგლამენტის რადიკალურად შეცვლის მიუხედავად, ფორმულა ერთის მანქანების კონკურენტუნარიანობა კვლავაც აეროდინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment