დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 21, 2014

ალექს ძანარდი ავტოსპორტს დაუბრუნდა

Alex Zanardi returns to motorsport with ROAL BMW Blancpain GT seat
21 იანვარი
ფორმულა ერთის და ინდქარ-ის (CART-ის, ჩემპ ქარ-ის) ყოფილი პილოტი, პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი, იტალიელი ალესანდრო ძანარდი მოტორსპორტს დაუბრუნდა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ლონდონის პარალიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა, ძანარდი მომავალ სეზონში GT3 კლასში, „ბლანპენის“ სპრინტის სერიაში, „ბეემვეს“ საქარხნო პილოტის სტატუსით, „ბეემვე Z4 GT3 -ით“ იასპარეზებს.
ძანარდი კვლავ „ROAL მოტორსპორტის“ (ყოფილი რავალია მოტორსპორტი) მანქანით იასპარეზებს, რომელთან ერთადაც, ჯერ ევროპის ტურინგის ჩემპიონატში გამოდიოდა (2004 წელს), შემდეგ კი იმავე კლასში, მსოფლიო ჩემპიონატზეც (2005-2009 წლებში). როგორც ცნობილია, ძანარდიმ ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა ხელის ბაიკით ასპარეზობაში.

ძანარდი სერიის ერთსაათიან რბოლებში მიიღებს მონაწილეობას ავტომობილით, რომელიც ბავარიულმა კომპანიამ სპეციალურად მისთვის მოამზადა. სპრინტის სერიის (შარშან მას FIA GT სერია ერქვა და მისი ბოლო ეტაპი ბაქოში ჩატარდა) რეგლამენტმა „ბეემვეს“ ამის საშუალება მისცა. ავტომობილი სპეციალურადაა ადაპტირებული, რათა ყველა მანიპულაცია (მათ შორის აქსელერატორის) ხელით შესრულდეს.
შეგახსენებთ, რომ 2001 წელს, ჩემპ ქარის გერმანულ ეტაპზე, რომელსაც ლაუზიცის ოვალმა უმასპინძლა, ძანარდის უმძიმესი ავარია შეემთხვა - პიტსტოპიდან გამოსულს, მას კანადელი ალექს ტალიანი გვერდიდან დაეჯახა... ამ ავარიაში მიღებული ტრავმების შედეგად, ძანარდიმ ორივე ფეხი დაკარგა.
პარალიმპიურ თამაშებზე ტრიუმფის შემდეგ, ძანარდიმ ნურბურგრინგზე DTM-ის „ბეემვე M3-ით“ ივარჯიშა (ფოტოზე) და როგორც თავად ამბობს, მას შემდგ სულ ავტოსპორტში დაბრუნებაზე ფიქრობდა. „ჩვენ ბეემვესთან ერთად ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და ძალიან მიხარია, რომ ისევ ROAL მოტორსპორტში, ჩემს მეგობრებთან დაბრუნება მომიწევს“, - ამბობს იტალიელი.
ძანარდი სერიის შვიდი ეტაპიდან ექვსში იასპარეზებს და პარალელურად, რიო დე ჟანეირუს პარალიმპიური თამაშებისთვისაც მოემზადება.

No comments:

Post a Comment