დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 14, 2014

სულ სხვა ფ1-ის მოლოდინში

F1 drivers will need all-new race approach for 2014
14 იანვარი
ახალი სეზონიდან, რეგლამენტის რადიკალური ცვლილება, მხოლოდ მანქანების გარეგნულ მხარეზე არ აისახება. რბოლებისადმი სრულიად განსხვავებული მიდგომა დასჭირდებათ პილოტებსაც, რადგან მათს განკარგულებაში მხოლოდ 100 კილოგრამი საწვავი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ რბოლების დროს, საწვავის ეკონომიურ გამოყენებაზე ზრუნვაც მოუწევთ.
„ფერარის“ ტექნიკურ დირექტორ ჯეიმს ელისონის თქმით, სიმულატორზე ახალი ბოლიდის პირველმა ტესტებმა აჩვენა, რომ პილოტებს სპეციალური ვარჯიშების გავლა მოუწევთ, რათა საწვავის ლიმიტში ჩატევას მიეჩვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთობ ქაოსური რბოლების მომსწრენი გავხდებით.
„სიმულატორზე ალონსოს პირველმა ვარჯიშმა საინტერესო ინფორმაცია მოგვცა. ფერნანდომ რამდენიმე საინტერესო დეტალზე გაამახვილა ჩვენი ყურადღება. მათზე მუშაობა, რბოლების უკეთ მართვაში დაგვეხმარება. პრაქტიკების დროს, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ელექტრულ ძალას და მანქანასაც საწვავის ლიმიტის (ერთ საათში 100 კილოგრამი) ზღვარზე ვამუშავებთ. რბოლისას კი სულ სხვა სიტუაცია გვექნება. ზოგიერთი რბოლისთვის, 100 კილოგრამი საწვავი საკმარისზე მეტიც შეიძლება იყოს, მაგრამ ზოგან ყოველ წრეზე საწვავის კონტროლი მოგვიწევს. რბოლის ასეთ განსხვავებულ რეჟიმებს ბევრი ვარჯიში დასჭირდება, რათა გავიგოთ, როგორ შეიძება იყო მაქსიმალურად სწრაფ იმ დროს, როცა საწვავის დაზოგვაზეც მოგიწევს ზრუნვა“, - ამბობს ელისონი.
საწვავის შეზღუდული რაოდენობის გარდა, პილოტებს ძლიერ განსხვავებული მანქანების მართვასთან შეგუებაც მოუწევთ. მაგალითად, ჯენსონ ბატონი ამბობს, რომ ახალ ძრავებს ძალიან მაღალი მაბრუნი მომენტი ექნება, რაც მათ ძნელად სამართავს გახდის. ამასთან, საჭირო გახდება უფრო მეტი სვლის მქონე სატერფულების გამოყენება, რათა ჭარბმა მომენტმა, მოსახვევებიდან გამოსასვლელში აჩქარებისას, მანქანაზე კონტროლის დაკარგვა არ გამოიწვიოს.

No comments:

Post a Comment