დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 5, 2013

ესეც ახალი „მუსტანგი“

2015 Ford Mustang Finally Revealed in HD Official Photography
5 დეკემბერი
„ფორდმა“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგის“ პრეზენტაცია, როგორც დაგეგმილი ჰქონდა, ერთდროულად მსოფლიოს ექვს ქალაქში ჩაატარა. ახალი ავტომობილის პირველ ჩვენებას, საერთო ჯამში 2 500 სტუმარი დაესწრო. ოთხ კონტინენტზე პრემიერის ერთდროულად ჩატარება, ცისფერი ოვალის სტრატეგიის  ლოგიკური გაგრძელებაა - ამიერიდან, „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილია, რაც მისი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში პირველად ხდება.
ახალი „მუსტანგის“ აღჭურვილობაში სამი ძრავი შევა. საბაზოა 3.7-ლიტრიანი V6, რომელიც 300 ცხენის ძალას და 366 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მეორე ძრავია 5.0-ლიტრიანი V8, რომლის სიმძლავრეც 420 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 529 ნიუტონმეტრი. ძრავების გამის მესამე წევრი გახდება სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო, რომლის სიმძლავრე 305 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 407 ნიუტონმეტრი.
ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტის გარდაქმნას ექვსსაფეხურიანი მექანიკური, ან ასევე ექვსსაფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია ემსახურება. ორივე კოლოფს მოდერნიზაცია ჩაუტარდა. ავტომობილს წინაც და უკანაც ახალი საკიდარი აქვს. ამასთან, უკანა საკიდარი დამოუკიდებელია, წინა კი მაკფერსონის ტიპის, წყვილი ბურთულოვანი სახსრით. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი „მუსტანგი“ 19-დუიმიან ბორბლებზე დადგება.
ახალი „მუსტანგი“ აღჭურვილია მართვის შერჩევითი რეჟიმის სისტემით, რომელიც მძღოლს რამდენიმე ფუნქციის რეგულირების საშალებას აძლევს. მას შეუძლია, თავისი სურვილის შესაბამისად მომართოს საჭის მექანიზმი, ძრავის ელასტიურობა, ტრანსმისიის და სტაბილურობის ელექტრონული კონტროლის სამუშაო რეჟიმები. ჩამოთვლილი სისტემის მართვა, ცენტრალურ კონსოლზე არსებული გადამრთველებით ხდება.
„ფორდ მუსტანგის“ მთავარი ინჟინერი დეივ პერიჩაკი ამბობს, რომ „მუსტანგის“ მოდიფიკაცია „ბოს 302-ით“, მყიდველი შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს მიეჩვია, რის გამოც, ახალ „მუსტანგზე“ მუშაობისას, შესაბამისი თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევა დაისახეს მიზნად. მისი თქმით, სრულიად ახალი, უკანა საკიდარი იმითაცაა საინტერესო, რომ მცირე ადგილს იკავებს და მისი წყალობით, სალონის უკანა და საბარგულის სექციების სივრცე გაიზარდა.
რა თქმა უნდა, ავტომობილი სრულიად ახალი სისტემებითაც აღიჭურვა, რომლების დანიშნულებაც, მართვის გამარტივება და უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. მათ შორისაა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, უხილავი წერტილების დაფიქსირების სისტემა, მულტიმედური სისტემა SYNC, რომელშიც რვადუიმიანი სენსორული მონიტორი და ხმით მართვის სისტემებია გაერთიანებული. ოპციის სახით, მყიდველს სანავიგაციო სისტემას და აუდიოსისტემას (შეიკერ პრო) შესთავაზებენ, რომელშიც 12 სპიკერი შედის.
ახალ „მუსტანგსაც“ ძველებურად „ფორდის“ ფლეტ როკის (შტატი მიჩიგანი) ქარხანა გამოუშვებს. ამერიკის ბაზარზე ეს ავტომობილი მომავალი წლის ბოლოს გამოვა, ევროპელი დილერები კი მას 2015 წელს მიიღებენ.

No comments:

Post a Comment